გურიის მოამბის საქმე

ოზურგეთის გამგებელი გურიის მოამბეს: ძალიან გაფეტიშდით, ძალიან გაგივიდათ თქვენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოთხოვნას, გაზეთ გურიის მოამბეს შენობა დაეტოვებინა, ფართო რეზონანსი მოჰყვა. რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე ამბობდა, რომ ოზურგეთში კრიტიკულ მედიას ავიწროვებენ. მან 16 აგვისტოს განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა ოფისებზე უზუფრუქტი გაუუქმა და  გაზეთს შენობიდან აგდებდა.

”პირდაპირ ქუჩაში გვყრიან. ეს არის ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძის ზეწოლის შედეგი, რომელიც მისმა მარიონეტმა და ყურმოჭრილმა ყმამ ავთანდილ სურგულაძემ განახორციელა.მინდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება გვებრძვის ყველანაირი მეთოდებით.. რომ ვერ მოხერხდა "გურიის მოამბეს" მოშთობა ფინანსური ბლოკადით, ხელმომწერთა თუ რეკლამისმომცემთა ტერორით, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობენ კოტე შარაშენიძე და ადგილობრივი სპეცსამსახურები... ახლა დაიწყო ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალების განადგურების მეორე ეტაპი.ჩვენ ქუჩაში გვყრიან. ყოველგვარი ჰედლაინების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაგვიუქმა ხელშეკრულება ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით” - აღნიშნავდა მენაბდე.

მენაბდეს თქმით, მას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთო სურგულაძე, დაუკავშირდა და უთხრა, რომ დავით ნარმანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კატეგორიულად მოითხოვა ოფისში სტატისტიკის სამსახური შესულიყო და აღწერა ჩაეტარებინა. მენაბდემ ნარმანიას განცხადებაც გაავრცელა, სადაც მინისტრი არა კონკრეტულად გაზეთ გურიის მოამბის ფართს, არამედ მუნიციპალიტეტის ცენტრში კეთილმოწყობილ ოფისის გამოყოფას ითხოვდა.

მოგვიანებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთო სურგულაძემ დაადასტურა, რომ ნარმანია უშუალოდ ამ ოფისს არ ითხოვდა,  მან ქალაქის ცენტრი ითხოვა . გადაწყვეტილება კი მუნიციპალიტეტმა მიიღო.

„გურიის მოამბეს ქალაქის მერიის ყოფილ შენობაში ჰქონდა ოფისი, თუმცა, ერთი თვის წინ ისინი განცხადებით შემოვიდნენ, რომ ეს ოფისი გაეუქმებინათ, რადგან აღარ ჭირდებოდათ. ახლა სადაც იმყოფებიან არის ძალიან კარგი შენობა, უნდა გადავცეთ სტატისტიკის სამსახურს. ჩვენ ვთავაზობთ რომ დაბრუნდეს ძველ შენობაში და რამდენიც უნდათ იმხელა ფართი დაიკავონ, მივწერეთ წერილი ,რომ ერთი თვის ვადაში შეგიწყდებათ ხელშეკრულება და ატყდა აჟიოტაჟი რაც სიმართლეს არ შეესაბამება. დაბრუნდენ ძველ შენობაში, ჩვენ ამას ვთავაზობთ, ეს კი სახელმწიფოს ფართია, და სახელმწიფოს საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ.“- აღნიშნა სურგულაძემ.

 გურიის მოამბის ჟურნალისტის თქმით, მენაბდემ ძველი ფართზე, 66 კვ.კმ-ზე ხელშეკრულების შეწყვეტა მართლაც მოითხოვა, რადგან აღარ სჭირდებოდათ.

გურიის მოამბის საქმეს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლელა ნაცვალაძეც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მისთვის ცნობილია ის მიზეზები, რის გამოც გაზეთზე  ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძისმხრიდან ზეწოლა ხდებოდა.  დეპუტატის თქმით, ეს არის რედაქციის ოფისი, რომლის "ხელში ჩაგდების" სურვილი, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციას ჰქონდა. საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარე ავთო სურგულაძე ამტკიცებდა, რომ ქართულ ოცნებას ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს.

ნაცვალაძის განცხადებას, წინ უსწრებდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის განცხადება.  მან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება 10 დღით ადრე დაწერა. მიზეზად კი ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის მხრიდან ზეწოლა დაასახელა, კერძოდ, როგორც მამეშვილი ამბობდა, შარაშენიძე მისგან დაჟინებით მოითხოვდა, ერთ-ერთ დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე ზეწოლა მოეხდინა.

გურიის მოამბის ინფორმაციით, ზეწოლაში კოტე შარაშენიძის გარდა აქტიურად მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერი, დავით დარჩია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ჯინჭარაძე, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატები, თემურ ჭკუასელი და ზვიად კვაჭანტირაძე და "ქართული ოცნების" სხვა ხელმძღვანელები.

„თვეებია, როგორც თავად გურიის მოამბეზე, ასევე მის თანამშრომლებზე და რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, მის ხელმომწერებზეც, ასევე იმ ბიზნეს ჯგუფებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც გურიის მოამბესთან თანამშრომლებენ სარეკლამო საქმიანობისა და დაფინანსებული მასალების გამოქვეყნების მიზნით, ზემოაღნიშნული ჯგუფის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლები, ასევე ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანია, ძირითადად სოციალურ ქსელებში.

ქართული ოცნების ამ წარმომადგენლების მიზანია განახორციელონ დარტყმები დამოუკიდებელ მედიაზე, და რადგან ვერ მოახერხეს ჩვენი, როგორც მედია- საშუალების ე.წ. "განეიტრალება", გადადიან უკვე ზეწოლების მორიგ ეტაპზე, ცდილობენ რა, დაგვტოვონ ოფისის, შესაბამისად ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი კომუნიკაციების გარეშე.“ - ეწერა განცხადებაში.

განცხადებაში გურიის მოამბემ დახმარებისთვის მათ მიმართა, „ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.“

„ საინტერესოა ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ირიბად ადასტურებს, რომ "სწორედაც მან აკრძალა ეს გაზეთი მის რაიონში".

რედაქცია, ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე თავს იკავებდა ამ ტიპის ქმედებებზე – (ვფიქრობდით, რომ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების რეჟიმში გადასვლა უარყოფით გავლენას მოახდენდა შემოსავლებზე და ასე შემდეგ) საჯარო განცხადებაზე, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია, რომელიც უკვე რეალურად გვიქმნის არსებობასთან დაკავშირებულ საფრთხეს, იძულებულს გვხდის, ოფიციალურად მოგმართოთ ყველას-ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია-დაგვეხმაროთ, რათა რედაქციამ თავიდან აირიდოს ის შესაძლო ძალმომრეობა, რომელიც მისი მისამართით უახლოეს მომავალში  იგეგმება ხელისუფლების მხრიდან.ჩვენ , ჩვენის მხრივ, შევეცდებით მაქსიმალურად ინფორმირებული გავხადოთ ამის თაობაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიები, ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოებები.“ - ეწერა განცხადებაში.

განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  გამოეხმაურა და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.

„ვლადიმერ მენაბდე ავრცელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლსაც, საიდანაც დასტურდება, რომ ხელშეკრულება სასყიდლიანი უზუფრუქტით ქონების გადაცემის შესახებ დადებულია ,,უვადოდ, იურიდიული პირის არსებობის ვადით“.

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ გაუგებარი და მიუღებელია ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილება, რაც რეალურად აფერხებს ადგილობრივი მედიაოგრანიზაციის ფუნქციონირებას.

ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძვლად ოზურგეთში სტატისტიკის სამსახურის განთავსების აუცილებლობა სახელდება. მოვუწოდებთ ადგილობრივ მთავრობას, ისე მოიძიოს საჭირო ფართი, რომ ხელი არ შეუშალოს ადგილობრივი მედიაორგანიზაციის საქმიანობას." - აცხადებდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

გურიის მოამბის საქმეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა და რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას მიმართა.

არასამთავრობოთა კოალიცია საზოგადოებრივმა ინიციატივამ გურიის მოამბის ოფისის გარეშე დატოვების ფაქტი წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა. ის საკრებულოს მიერ ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა.

გაზეთ გურიის მოამბის ადვოკატი კახა ჩავლეიშვილის აზრით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ის ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არა სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი საჭიროებების გამო, არამედ სხვა პირის უკანონო მოთხოვნით.

"არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო არა სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი საჭიროებების გამო, არამედ სხვა პირის უკანონო მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დიდი ხანია რომ იდგა, ადასტურებს საჯარო გამოსვლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, რომელიც განმარტავს, რომ მან არ შეასრულა უკანონო მოთხოვნა. ამასთანავე, მინისტრი ნარმანია უარყოფს ასეთი მოქმედების აუცილებობას. არსებობს ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებენ ზეწოლის ფაქტს." ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მოწმობს, რომ ხელშეკრულება უზუფრუქტით ქონების გადაცემის შესახებ დადებულია "უვადოდ, იურიდიული პირის არსებობის ვადით".  - აღნიშნავს გურიის მოამბის ადვოკატი.

განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,კოტე შარაშენიძემ, პრესკონფერენცია გამართა და მენაბდეს მატყუარა უწოდა. მისი თქმით, ფართი,რომელშიც გაზეთი იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ქონებაა.

შარაშენიძე ამბობს, რომ  ხელშეკრულება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქტით ხელშეკრულების გაფორმებისას, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება ქონება უკან დაიბრუნოს. გამგებელი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ფართში სახელმწიფო ორგანიზაციები უნდა იყოს განთავსებული და თუ კანონი იძლევა კომერციული თვალსაზრისით გაქირავების საშუალებას, იურიდიული შეთანხმების საფუძველზე ფართის გაქირავება შესაძლებელია.

„არანაირი პოლიტიკური მიზნებისთვის ეს ფართი არავის არ სჭირდება.თქვენ და თქვენი გაზეთი ხართ ჭორიკნები. მატყუარა სიტუაცია შექმენით. ლადომ შექმნა სიტუაცია, რომ თითქოს ზეწოლა განხორციელდა. სად ჩანს ზეწოლა, ჩვენია ფართი, ხალხის ქონებაა, ვინ არის ლადო მენაბდე და პრესკლუბი რომ აუცილებლად უნდა იყოს მთელი ცხოვრება ფართში. მაშინ შეესყიდა კანონიერად, თუ ასე სჭირდებოდა. ეს მუნიციპალიტეტის ქონებაა. და ახლა ქალაქის ცენტრში კეთილმოწყობილი ფართი თავისი საქმის განსახორციელებლად სჭირდება.“ - აღნიშნავს ოზურგეთის გამგებელი.

პრესკონფერენციაზე გაზეთ გურიის მოამბის ჟურნალისტმა გამგებელს მიმართა და უთხრა, რომ წერილში, რომელიც რედაქციაში მიიღეს, ეწერა, რომ მუნიციპალიტეტს „გადაწყვეტილი“ ჰქონდა, გაზეთს ფართი დაეტოვებინა. ასევე არაფერი ეწერა ალტერნატიული ფართის შეთავაზების შესახებ.

შარაშენიძემ ჟურნალისტს უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტიდან იყო გადაწყვეტილი, რომ ფართი სჭირდებოდათ.განცხადებაში კი ეწერა - გაფრთხილებთ -  რომ 30 დღეში უნდა დატოვოთ ფართი. ხოლო თუ რედაქციაში მისულ წერილში „გადაწყვეტილება“ წერია, შესაძლოა ვლადიმერ მენაბდეს გადაეკეთებინა. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, ამაზე მხარეებს უნდა მოელაპარაკათ.

„მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, ალტერნატიული ფართის შესახებ. ეს იყო დღის წესრიგში, რათა ადამიანები ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ. თუმცა გურიის მოამბემ საინფორმაციო ომი დაიწყო. მენაბდემ ეს სიტყვიერად იცოდა. აწი რა მოგივათ ,ღმერთმა იცის. შეგიძლიათ, ფართი აუქციონის წესით აიღოთ იჯარით. ძალიან გაფეტიშდით, ძალიან გაგივიდათ თქვენ სულყველას, ფართი 260 კვადრატი, ოზურგეთის ცენტრში ზის ლადო მენაბდე, თავისი პრესკლუბითა და ამალით.და ჩვენია ეს ყველაფერი, იძახის. ვინ მოგცათ ამის უფლება თქვენ. ეს არის სახელმწიფო შენობა და სახელმწიფოს სჭირდება. კეთილმოწყობილი ფართი ისეთი, როგორც სტატისტიკას შეშვენის, ოზურგეთში არ არის.“ - აცხადებს შარაშენიძე.

ვლადიმერ მენაბდემ 16 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წერილიც გაავრცელა, რომელშიც ეწერა „ გაცნობებთ,რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილი აქვს თქვენს სარგებლობაში არსებულ ფართში,რომელიც მდებარეობს ქ.ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის #3-ში,განათავსოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. გამომდინარე აქედან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს გურიის პრესკლუბს შორის 2012 წლის 12 ივლისს გაფორმებული სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, გაფრთხილებთ სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე” - წერია წერილში.“

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები