ერთიანი ეროვნული გამოცდები

მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი განათლების სამინისტრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის თანახმად 700 აბიტურენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

"წინა წლებში ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა გაცილებით უფრო დიდი იყო და 4-5 ათასს აჭარბებდა, მაგრამ თავში აზრად არავის მოსვლია შეეცვალა ის წესი, რითიც ხდბა აბიტურიენტების შერჩევა", - განაცხადა, სააგენტო ნიუპოსტის ცნობით, მაია მიმინოშვილმა.

"ვუთხარი თამუნას, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ამას არ გააკეთებდა, რადგან არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. ძალიან საშიშია ასეთ ვითარებაში გამონაკლისების დაშვება, იმიტომ, რომ ერთი გამონაკლისი აუცილებლად მეორეს გამოიწვევს. 700 აბიტურიენტზე ვსაუბრობთ, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს მხოლოდ და ბუნებრივია, რომ ეს არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ ისინი უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან,"-აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მისივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილი 700 აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის და მათი გადანაწილების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

სააგენტოს ცნობით, მიმინოშვილის განცხადებას განათლების მინისტრი გამოეხმაურა. როგორც სანიკიძემ განაცხადა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, აბიტურიენტების ჩარიცხვა მაინც მოხდება.

კომენტარები