რელიგიის თავისუფლება

მუსლიმები სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას პარასკევამდე დაელოდებიან

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მუსლიმი მრევლის აქცია დასრულდა. სოფელ ჭელადან, წალკიდან და ხულოდან ჩასული მორწმუნეები კი პარასკევამდე დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, ხელისუფლების პასუხს მინარეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით დღეს საღამომდე დაელოდებიან. იმ შემთხვევაში , თუ პარასკევამდე არ დააბრუნებენ მინარეთს, ბათუმში პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

დღევანდელ აქციაზე სოფელ ჭელაში სამართალდამცავებსა და მოსახლეობის დაპირისპირების დროს დაპატიმრებული და ჯარიმის შედეგად გათავისუფლებული პირებისთვის ჯარიმის გაუქმებაც მოითხოვეს.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის, თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, მინარეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის დანაპირები გადასცა.

"პრემიერმინისტრის შეპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადმოგვცა, რომ მინარეთი დღეს საღამომდე დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ მაინც პარასკევამდე მივეცით დრო. ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, თუ დაგვიბრუნდება მინარეთი, ეს ფაქტი საქართველოს დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ დაველოდებით პარასკევამდე. ასევე მოვითხოვთ, ახალგაზრდებს, რომლებიც დააპატიმრეს და შემდეგ დააჯარიმეს, მოეხსნათ ჯარიმები", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. 

 

 

კომენტარები