ახალაიას საქმე

სასამართლომ ახალაიასა და კალანდაძის ადვოკატებს დასაბუთებული განაჩენი გადასცა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის დასაბუთებული განაჩენი ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის და სხვათა მიმართ, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს გადასცა. საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ საქმეზე არასაკმარისია.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ე.წ. ზვიად აბესაძის ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულების - ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის ქმედებებში საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას (თავისუფლების უკანონო აღკვეთას), ხოლო ბაჩანა ახალაიას ქმედებაში დამატებით - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ზვიად აბესაძის ჩვენება არის ბრალდების დამადასტურებელი ერთადერთი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც, თავის მხრივ, არათანმიმდევრულია, რიგი განმარტებები კი არსებითად ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაზე უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული სამხედროების მიმართ, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, გადაწყვეტილება მოსამართლემ 1 აგვისტოს გამოაცხადა.

ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.

დარასელია და კინწურაშვილი ძებნაში არიან, ხოლო კალანდაძე, გორგაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. სასამართლომ აღნიშნული შვიდი პირიც უდანაშაულოდ ცნო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - სპეცრაზმელთა პოლიტიკური ნიშნით წამებისა ("რეინჯერების საქმე") და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.

"რეინჯერების საქმის" არსებითი განხილვა სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს, "ციხის ბუნტის" საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბრისთვის დაინიშნა. ამ პროცესების დასრულებამდე ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება.

 

კომენტარები