საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 17 წლის დარეჯან დიასამიძის ოჯახი მოინახულა, რომელიც 7 აგვისტოს დილით გაუჩინარდა. გოგონას დედამ მიხეილ სააკაშვილს წერილი პირადად გაუგზავნა და თავისი პრობლემის შესახებ მოუყვა. მიხეილ სააკაშვილი გოგონას მშობლებთან სოფელ ახალშენის ქვედა სამებაში ჩავიდა და პირადად დაინტერესდა მათი პრობლემითა და გამოძიების მიმდინარეობით.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში შექმნილია ისეთი სისტემა - იმდენი ტექნიკური საშუალებაა და პროფესიონალი გამომძიებლები და სამართალდამცველები მუშაობენ, რომ შეუძლებელია ბავშვი ასე უკვალოდ დაიკარგოს.
დარეჯან დიასამიძის მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის პირველ პირს გულისხმიერებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ამ საქმეში პრეზიდენტის ჩართვის შემდეგ პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.





