საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა

ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი
radiotavisupleba.ge

ქართველ გადამზიდველებს რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის საშუალება მიეცემათ - ამის შესახებ საქართველოს მთავრობა იტყობინება.

მთავრობის ცნობით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის 6-7 აგვისტოს მოსკოვში გამართული შეხვედრა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკითხებში წარმატებით დასრულდა. შეხვედრის ოფიციალური მიზანი ქვეყნებს შორის, არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების აღდგენა იყო.

ამასთან, განცხადების მიხედვით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რაც 2006 წლიდან შეწყვეტილი იყო.

როგორც მთავრობა იტყობინება, შეხვედრას რუსეთში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა 1994 წელს ხელმოწერილი საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

"ქართულმა მხარემ პრინციპულად დააყენა საკითხი საავტომობილო მიმოსვლის აღდგენისათვის ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის შესახებ, რაზედაც მიღწეული იქნა რუსული მხარის თანხმობა საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2013 წლისთვის მხარეები 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვაზე შეთანხმდნენ, "რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს, გადაზიდონ ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით. მოხდა ასევე შეთანხმება მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცვლის თაობაზეც".

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს რუსეთთან WTO-ში გაწევრიანებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგისთვის დამკვირვებლები მესამე მხარემ - შვეიცარიამ უნდა დაიქირავოს.

 

 

კომენტარები