ლევან კორტავას საქმე

კორტავას საქმეზე დაკავებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

www.ambebi.ge

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმარ ლევან კორტავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული გეგუთის ციხის თანამშრომლები გიგა კოხოძე, ალეკო ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარაია სასამართლო დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა,  კოხოძეს და ბაბუნაშვილს 5-5 ათას ლარიანი, ხოლო ნასარაიას 10 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

 საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს შეუფარდა ალეკო ბაბუნაშვილს, გიგა კოხოძესა და თენგიზ ნასარეიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. კოხოძესა და ბაბუნაშვილს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ. ხოლო სად-ის #14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში ედება ბრალი.

გარდა ზემოაღნიშნული სამი პირისა, სასამართლომ პატიმრობა კიდევ რამდენიმე ბრალდებულს შეუფარდა. სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის სად-ის #14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი დააკავეს; ასევე, გიორგი შემეზაშვილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან 2013 წლის 7 ივნისს გათავისუფლდა. იგივე ბრალდება წარედგინათ სხვა პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან.

2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.

კომენტარები