აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში, კურტ ვოკერი, ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, NATO-სგან რეაქციის დაყოვნებამ რუსეთს, სავარაუდოდ, აფიქრებინა, რომ მათ შეუძლიათ ქმედებების გაგრძელება. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ უნდა გავითვალისწინოთ, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე რამდენიმე პროცესი: პრეზიდენტი სარკოზი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, პრეზიდენტი ბუში კი ქართველებთან და რუსებთან ცალ-ცალკე მუშაობდა ცეცხლის შესაწყვეტად.
”მე ვფიქრობდი, ბუნებრივი იქნებოდა, NATO-ს გაეკეთებინა განცხადება, სადაც მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისკენ და ჯარების 7 აგვისტომდელ პოზიციაზე დაბრუნებისკენ, სადაც კიდევ ერთხელ გავიმეორებდით, რასაც ვამბობდით, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამწუხაროდ, NATO -მ 11-ში ამ განცხადების გაკეთება ვერ შეძლო” - ამბობს ვოკერი ინტერვიუში.
ის იხსენებს, რომ, რადგან ყველაფერი აგვისტოში ხდებოდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ”ჩემი კოლეგები ამბობდნენ, რომ ყველა შვებულებაში იყო და დაკავშირება რთული იყო. გარდა ამისა, NATO -ს არ უნდოდა ხელი შეეშალა ევროკავშირის წამოწყებული სამშვიდობო პროცესისთვის. ასევე იყო მოსაზრება, რომ NATO -ს მიერ განცხადების გაკეთება კონფლიქტის კიდევ უფრო მილიტარიზაციას გამოიწვევდა. ჩემი აზრით, ეს სრულიად მიუღებელი იყო. ნატო თავდაცვითი ალიანსია და ეს მისი მოვალეობა იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა რომ ერთმა სუვერენულმა სახელმწიფომ მეორე სუვერენულ სახელმწიფოში ჯარი შეიყვანა. რეაგირება სწრაფად უნდა მოგვეხდინა” - ამბობს ვოკერი ინტერვიუში.
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე კურტ ვოკერი ამბობს, რომ ყველა შეხვედრაზე ალიანსი იმეორებს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც მისი აზრით, ძალიან კარგია, რადგან არ წყდება საუბარი ამ თემაზე. თუმცა, ამასთან, აღნიშნავს, რომ თვითონ ნატოში დაიკარგა გაფართოების ტემპი. ”ეს უფრო წარმოადგენს საქართველოსთვის პრობლემას და არა ის, რომ ალიანსმა რამე გადაიფიქრა” - ამბობს ის.





