მარიამ კოჩალიძის საქმე

მარიამ კოჩალიძის ნათლიამ ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალიძის ნათლიამ, ნატო კვინტრაძემ, ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მისი თქმით, ბესელიას მიერ დანაშაულის სტატისტიკის გამოცხადება ოჯახისთვის მიუღებელია.

"ჯერ კიდევ ჩემი საცოდავი გოგო გასვენებული არ მყავდა, უნამუსოდ და უსინდისოდ გამობრძანდა ეკა ბესელია ტელევიზიით, სტატისტიკით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა, ახლაც ხდება და შემდგომში მოხდება, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არისო. სანამ მის შვილებს ყელში ხორცი აქვს, აჟიოტაჟი ამიტომ არ იყო ასატეხი? ჩემი შვილი, შვილი არ იყო, რომ გამოდის ტელევიზიით ვითომ იურისტი და სავარძელში მომსხდარი ქალი ასეთ სიტყვებს რომ იძახის? გამოვიდეს სახალხოდ ტელევიზიით და ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რაც ილაპარაკა. სხვასაც უნდა სცენ პატივი. მისმა შვილმა ჩხუბი გააჩაღა და პოლიტპატიმარიაო, ციხიდან გამოუშვეს. ჩემი უდანაშაულო ბავშვი რომ მომიკლეს, არა უშავს და არ ღირდა აჟიოტაჟის ატეხვა? გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს ჩემი შვილის სულს", - ამბობს კვინტრაძე.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არა მარიამ კოჩალიძის ოჯახის, არამედ ნაციონალური მოძრაობისკენ იყო მიმართული.

"ჩემი განცხადება პასუხი იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ის ეხებოდა მათ კონკრეტულ ბრალდებებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია და ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. ასეთი განცხადებები მოსახლეობაში პანიკას გამოიწვევს. სწორედ ნაციონალების საპასუხოდ მოვიყვანე კონკრეტული ციფრები, რომ წინა წლის მონაცემების მიხედვითაც ფიქსირდებოდა ძალადობრივი დანაშაულებები, რომელთა ნაწილი გაუხსნელი იყო. ვერ ვხვდები, ბოდიში რატომ უნდა მოვიხადო. ოჯახის მისამართით ისეთი არაფერი მითქვამს, რომ გულნატკენი დარჩენილიყვნენ, არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, თორემ არ გამიჭირდებოდა", - აღნიშნა ბესელიამ.

16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ივლისს მოკლული იპოვეს. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე მოჰამადინ რუინთანია.

კომენტარები