სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი

იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების ღონისძიების შეჩერების საკითხის განხილვა პარლამენტმა საშემოდგომო სესიისთვის გადადო, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

"პარლამენტის და მთავრობის წევრები ინტენსიურად აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი აღმოჩნდა იმაზე გაცილებით უფრო კომპლექსური და რთული, ვიდრე ეს არის კონკრეტული მოქალაქეების პრობლემა. ამიტომ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იუსტიციის სამინისტროში, მთავრობის სხვა უწყებებში, პარლამენტის წევრები ჩართული არიან ამ პროცესში. როგორც ჩანს, სექტემბრისთვის შემუშავდება პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც ამ ტიპის საკითხებს დაარეგულირებს სამომავლოდ, რომ ასეთი მძიმე ვითარებები ნაკლებად შეიქმნას", - ამბობს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილებით ახალი პრობლემები არ უნდა შეიქმნას:

"ერთი ტიპის პრობლემის მოგვარების მცდელობისას არ უნდა შევქმნათ დამატებითი პრობლემები ჩვენივე მოქალაქეებისთვის; უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება, უნდა გავუფრთხილდეთ საბანკო სისტემის მდგრადობას, პროგნოზირებადობას. ბევრი ასეთი თემებია. ამიტომ, ამ საკითხებს ჩვენ, როგორც ჩანს, სექტემბერში მოვუბრუნდებით", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 25 ივლისს მიიღო. ცვლილებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეთა აღსრულების ექვსი თვით შეჩერებას ითვალისწინებდა. მალევე კანონპროექტით უკმაყოფილება გამოხატეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

"სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა, შემიძლია ზუსტად ეს სიტყვები გამოვიყენო. მთავრობის მხრიდან ეს არ იყო განხილული, არ გაითვალისწინეს მთავრობის პოზიცია და მიიღეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავებულა და მე მოვახერხებ, უმრავლესობას ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება, არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად, ბიზნესს უკარნახო. იქ ბანკები არიან, მათ აქვთ იპოთეკური სესხები გაცემული და ისინი შეიძლება დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელია და აბსურდულია", - თქვა პრემიერმა.

 

კომენტარები