სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას აკრიტიკებს

parliament.ge

პრემიერმინისტრი სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობასაც აკრიტიკებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

„მე მითხრეს, რომ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის ინიციატივით... ინიციატივა შეიძლება გამოიჩინო, ეს ნორმალურია. სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა, შემიძლია ზუსტად ეს სიტყვები გამოვიყენო. მთავრობის მხრიდან ეს არ იყო განხილული, არ გაითვალისწინეს მთავრობის პოზიცია და მიიღეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავებულა და მე მოვახერხებ, უმრავლესობას ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება, არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად, ბიზნესს უკარნახო. იქ ბანკები არიან, მათ აქვთ იპოთეკური სესხები გაცემული და ისინი შეიძლება დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელია და აბსურდულია. შესაბამისად, მე მომიწევს ხვალ საბჭოზე ამაზე საუბარი და მგონი, რომ დავარწმუნებ უმრავლესობას, არ გააგრძელონ ამ კანონპროექტზე მუშაობა. თუ შეთანხმება მოხდება და გასაგები იქნება ეს იმ ბიზნეს სტრუქტურებისთვის, რომელბიც მონაწილეობდნენ ამ შეთანხმებაში და თანხები გასცეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა ამას მხარი დაუჭიროს. ასე მოწყვეტილად განხილვა, როდესაც არც მთავრობას უტანხმებ და არც ბიზნესს, ჩემი აზრით, არის სიყმაწვილე პოლიტიკაში და მსგავსი გადაწყვეტილები ასე არ მიიღება. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ მოახერხეს და პირველი მოსმენით მიიღეს ეს კანონპროექტი." - თქვა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პროექტის ინიციატორი გედევან ფოფხაძე. მისი თქმით, პროექტი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, შესაძლოა, პრემიერისთვის დეტალები არ იყო ცნობილი.

„პირადად ჩემთვის ეს ფაქტორი (პრემიერის განცხადება) ანგარიშგასაწევია, მაგრამ ბოლომდე ჩემს პოზიციას არ ცვლის, რადგან მიმაჩნია, რომ ბანკები შეიძლება ამ პროცესში გათვალისწინებული იყვნენ, როგორც მხარე, რომელსაც არ შეეხება პროექტი, მაგრამ ის, რომ ჩვენ ამაზე საერთოდ უარი ვთქვათ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ეს არასწორი იქნება." - ამბობს გედევან ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ორ კანონში - სააღსრულებო წარმოებათა შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში - შესატან ცვლილებებზე, რომელიც კრედიტორების სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს. 24 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა, არ დაუშვას იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადება, ვინაიდან ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ, 25 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო. პრეოქტის განხილვა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა პარლამენტის აფეთქების თაობაზე ცრუ შეტყობინების გამო, ხვალისთვის, 27 ივლისისთვის გადაიდო.

 

კომენტარები