სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი კორტავას საქმეზე: მოხდა ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გუშინ, 5 აგვისტოს, ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პირველად მოხდა, როდესაც მომხდარ დანაშაულზე ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება იყო".

"9 წლის განმავლობაში, რაც ნაციონალური მოძრაობა მართავდა ქვეყანას, როცა ციხეებში ხდებოდა ადამიანების მკვლელობა-წამება, 8-9 ადამიანის პასუხისგებაში მიცემა ერთად არ მომხდარა ერთ კონკრეტულ საქმეზე", - განაცხადა სუბარმა.

სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ კორტავას საქმესთან დაკავშირებით გეგუთის ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან.

"ძიება გრძელდება. თუკი გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მათი დაკავებაც მოხდება. კორტავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გააკეთა მაქსიმუმი, თუცა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა დეტალი გარკვეულია და ყველა პირია პასუხისგებაში მიცემული. ძიების დროს შეიძლება გამოიკვეთოს სხვა დამნაშავეებიც. მალხაზ სინაურიძე გავათავისუფლე ზუსტად რამდენიმე დღეში ამ ტრაგედიიდან. თუკი გამოიკვეთება მისი ბრალეულობა, მას ბრალი წაეყენება", - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას განცხადებასაც, რომელშიც მან აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები. სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ ახალაიას გუშინდელი განცხადება იყო "პრაქტიკულად აღიარება და ლუსტრაცია თავისი ქმედებების, როცა თქვა, რომ მაყურებლები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებული და მათთან ერთად მოქმედებდნენ".

 

კომენტარები