საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ემზარ გოგუაძე აირჩიეს

პირველი არხი

დღეს, 5 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ემზარ გოგუაძე აირჩიეს. გოგუაძეს მხარი საბჭოს 9 წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ემზარ გოგუაძე ამ თანამდებობაზე ლევან გახელაძეს შეცვლის. გოგუაძე საზოგადოებრივი საბჭოს წევრი 2009 წლიდან არის. იგი იყო თბილისის პოლიტიკური აკადემიის პრორექტორი, მანამდე კი თბილისის კავკასიურ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა. 1990-1992 წლებში გოგუაძე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და საბჭოს პრესისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსი იყო.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის შესარჩევი კენჭისყრა მეორედ გაიმართა. 18 ივლისს გამართულ არჩევნებში მონაწილე 2 კანდიდატს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა. ემზარ გოგუაძემ და ნატალია დვალმა, თანაბარი, 5-5 ხმა მიიღეს, ამდენად, საბჭომ ვერ მოახერხა ახალი თავმჯდომარის არჩევა.

"იმის გამო, რომ შესაძლებელია, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - ასე ახსნა ნატალია დვალმა არჩევნების მე-2 რაუნდზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება.

კომენტარები