ლევან კორტავას საქმე

კორტავას საქმეზე შესაძლოა, მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

www.ambebi.ge

 გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილემ, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

 მისი თქმით, საქმეზე ძიება კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც იგეგმება.

"მათ შორის იქნებიან მსჯავრდებულებიც და არ არის გამორიცხული სასჯელაღსრულების თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, შესაძლოა, იყვნენ მაღალჩინოსნებიც", - აცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გიორგი გვარაკიძე.

 პროკურატურამ ლევან კორტავას საქმის გახსნის შესახებ განცხადება ორი დღის წინ გააკეთა. კორტავას საქმეზე რამდენიმე პირს, მათ შორის გეგუთის კოლონიის ოთხ თანამშრომელს ბრალი წარდგენილი აქვს.

 27 წლის პატიმარი ლევან კორტავა, მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპებისა და დარბილების გამო, 2013 წლის 23 მაისს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ცნობიერების დაბრუნების გარეშე გარდაიცვალა.

 სასჯელაღსრულების სამინისტრომ გეგუთის ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. თავდაპირველად მათ თქვეს, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი მიზეზად პატიმრებს შორის დაპირისპირება მოიყვანეს. ოჯახი მომხდარში ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

 როგორც მთავარი პროკურატურის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ დასკვნაშია განმარტებული, პატიმარს, რომელიც რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 12 მაისს გადაიყვანეს, იმავე დღეს მოუვიდა უსიამოვნება უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილთან. შელაპარაკება ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა სხვა პატიმარს, კერძოდ, შოთა სინაურიძეს, მეტსახელად „ბულდოგას“.

 მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დასკვნით, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე 2 აგვისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ გაახმაურა, ლევან კორტავას პატიმრებმა იმ დღეს ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით, მძიმე საგნების გამოყენებით, ორჯერ უმოწყალოდ სცემეს.  

 

კომენტარები