საპრეზიდენტო არჩევნები 2013

კობა დავითაშვილი: მარგველაშვილს რაიმე დამოუკიდებელი რეიტინგი არ გააჩნია

Wikipedia

კობა დავითაშვილმა, რომელმაც ქართული ოცების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო, დღეს 3 აგვისტოს, საგანგებო ბრიფინგზე გამართა და კიდევ ერთხელ განმარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები.

"მე არ მომეჩვენა, რომ  " პირველი მერცხალი" ან "მოხეტიალე ფორვარდი", რომელიც ითქვა, რაიმე შეურაცხმყოფელ კონტექსტს შეიცავს... ჩემი წამოსვლა არ არის კოალიციიდან გასვლა. მე გავედი საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლის  წევრიც ვიყავი... ეს კოალიციის დაშლად ვერ შეფასდება. კოალიცია 6 პარტიისგან შედგება. კოალიცია საქმიანობას აგრძელებს", - განმარტავს დავითაშვილი.

დავითაშვილის თქმით, მმართველ ძალასთან შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური-ეკონომიკური პოლიტიკა იყო.

"როდესაც ოპოზიციური ერთობა იქმნება, ყოველთვის მომხრე ვარ ამ ერთობის. როგორც კი ეს ერთობა ზურგს აქცევს ხალხს, ივიწყებს საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს, მე ვტოვებ ასეთ ერთობას. ეს არის ჩემი სისტემატური საქციელი", - განაცხადა დავითაშვილმა.

პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ხალხის პარტიის ლიდერმა საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტებად  სტაჟის და დამსახურებით პენსიების დანიშვნა, ანაბრების თემა, შრომის კოდექსის შეცვლა და  მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება დაასახელა. მან თემატურ დებატებში მონაწილეობაც შესთავაზა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს.

კობა დავითაშვილის თქმით,  სავარაუდოდ გარდაუვალი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რადგან კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს რეიტინგის  და ცნობადობის პრობლემა აქვს.

"გიორგი მარგველაშვილს რაიმე დამოუკიდებელი რეიტინგი არ გააჩნია. ის რა მხარდაჭერითაც სარგებლობს, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის ანარეკლი. მას აქვს სერიოზული პრობლემა ცნობადობის. საქართველოს მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი",- განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები