საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა გუნავა რწმუნებულის თანამდებობაზე აღადგინა

თენგიზ გუნავა
news.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ შეწყალებული თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე აღადგინა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა (შეწყალების განკარგულებით) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გიჟია და იგი მომატებული საფრთხის წყაროა", - თქვა პრეზიდენტმა.

მაგრამ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ეს არის ის პარლამენტი, რომელმაც გაუშვა პედოფილები და დღე არ გავა, რომ მცირეწლოვან ბავშვებზე არ მოხდეს ძალადობა... გამოუშვა უამრავი რაოდენობის მკვლელი, წარმოუდგენელი რაოდენობის ნარკობარიგები და შპრიცები სადარბაზოებთან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს პარლამენტი ლაპარაკობს ჩემს მიერ საფრთხის შექმნაზე? სინდისიც ხომ რაღაცას ნიშნავს".

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თენგიზ გუნავას შეწყალება სამართლიანი იყო, მისი დაპატიმრება კი - დიდი უსამართლობა.

"და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ახლა ამაზე პროტესტს გამოთქვამენ, ხმასაც არ იღებდნენ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც ამ პატიოსანი ადამიანის მიმართ ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, გუნავამ უნდა გააგრძელოს მუშაობა სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორად და "ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, რომ ნებისმიერი ადამიანი უსამართლოდ მოხსნან, დაიჭირონ, დაჩაგრონ, მხოლოდ იმისთვის, რომ თვალში არ მოსდით".

თენგიზ გუნავას სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 17-დღიანი პატიმრობის შემდეგ, 30 ივლისს პრეზიდენტმა იგი შეიწყალა. მან საპატიმრო იმ დღესვე დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე დავით ბაქრაძეს პრაიმერიში გამარჯვება მიულოცა და საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატება უსურვა. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიესალმება დავით ბაქრაძის ინიციატივას, მოლაპარაკება გამართოს ქვეყნის პრემიერმინიტრთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდა.

კომენტარები