ჰომოფობიის წინააღმდეგ 17 მაისის აქციის დარბევაში ერთ-ერთი ბრალდებული სასულიერო პირის, ანთიმოზ ბიჩინაშვილის საქმე სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო. ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა. ამავე საქმეზე ბრალდებული დანარჩენი ოთხი პირის საქმის განხილვა კი 15 აგვისტოს დაინიშნა.
მოსამართლემ საქმეში არსებული მტკიცებულება ბიჩინაშვილის წინააღმდეგ არასაკმარისად მიიჩნია.
17 მაისის მოვლენებში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე და თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა აქცია, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ძალადობრივად ჩაშალა. მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს, მამა იოთამ ბასილაიას და მათთან ერთად კიდევ სამ პირს, პროკურატურამ ბრალი შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის უკანონოდ ხელის შეშლისთვის წაუყენა, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს, ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასულიერო პირების გარდა, აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულნი არიან ბექა სალუქვაძე, გიორგი ბასიაშვილი და ტიტალ დავრიშიანი.