ლაშა ბუღაძე: სტალინის ძეგლის დაბრუნება სააკაშვილისადმი ბანალური რევანშია

ჩვენთან ხომ ყველაფერი კეთდება კონკრეტული პოლიტიკური დროის კონიუნქტურიდან გამომდინარე. აი, სააკაშვილმა მოხსნა და ახლა მის ჯინაზევე ისევ დაიდგმება. მე ამას ვხედავ უფრო. განწყობებიდან გამომდინარე ეს უფრო ჯინიანობაა. აი, პასუხი სააკაშვილს, რომ აჰა, შენ მიერ ჩამოგდებული სტალინი ისევ აღსდგება, ბანალური რევანშიზმის გამოვლინებაა. ვერსია იყო, რომ ეს მუზეუმი გადაკეთებულიყო სტალინიზმის მუზეუმად და ეს იყო ძალიან საინტერესო და კარგი აზრი, რომ სტალინიზმი უნდა იცოდეს ხალხმა რა არის და შეიძლება, ამ მუზეუმის კონტექსტში, ეს ქანდაკებაც, როგორც ისტორიული მონუმენტი, იმ ეზოში იყოს დადგმული. მაგრამ თუკი ამ ქანდაკების დადგმას აპირებენ, როგორც პატივისცემის აქტი სტალინისადმი, ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. ეთიკაც ხომ არსებობს. ამდენი მსხვერპლია, რომელიც შეეწირა სტალინს, მწერლები, რეჟისორები, მსახიობები... ოჯახი არ მოიძებნება, სადაც სტალინის მიერ რეპრესირებული არ ჰყავდეს ვინმე, ჩემს ოჯახშიც ბაბუაა დახვრეტილი. ამ დესპოტის ძეგლის დადგმა, როგორც პატივის მიგება, ეს დანაშაულია. ისევე, როგორც დანაშაული იქნებოდა, რომ ადოლფ ჰიტლერს ვინმემ ავსტრიაში დაუდგას ძეგლი. ეს აბსოლუტურად იგივეა. რადგან კომუნიზმის შეფასება არ მოხდა ისევე, როგორც ეს მოხდა ნაციზმის შემთხვევაში, რატომღაც სტალინი ითვლება, რომ ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ჰიტლერი. ეს ერთი და იგივეა. მერე რა, რომ ის გორში დაიბადა?

სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების შესახებ ლაშა ბუღაძე პირველ რადიოსთან საუბრობს.

კომენტარები