ახალაიას საქმე

ხიდაშელი: იმედია, პროცესებზე პროკურორები უფრო მომზადებულები გამოცხადდებიან

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა დღეს, 1 აგვისტოს, ბაჩო ახალაიასა და სხვა ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ახალაია ანგელოზია, ეს მიუთითებს, რომ მას პროკურატურამ დანაშაული ვერ დაუმტკიცა.

"არ ვიცი, პროკურატურაში კადრები სუსტია თუ ძლიერი, ამ პროკურორებს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი და იგივე ხალხია, ვინც ზურაბ ადეიშვილის პროკურატურაში მუშაობდა. ისინი მიჩვეულნი არიან ასე მუშაობას - არ სჭირდებოდათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის განხორციელება, რომ ადამიანები ციხეში ჩაესვათ. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ბრალის დასამტკიცებლად და სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის საკმარისია მხოლოდ ის, რასაც პროკურორი იტყვის. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ახლაც იგივე იქნება. მომწონს თუ არა არ მომწონს აღნიშნული გადაწყვეტილება და რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ბაჩო ახალაიასადმი, ვფიქრობ, რომ მისი განაჩენი ერთგვარი გაღვიძების სიგნალი შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ გაიგო, რომ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. იმედია, მომავალში უფრო მომზადებულები გამოცხადდებიან პროცესებზე, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებთან მიმართებაში, რომელიც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ასეთ საქმეებს განსაკუთრებით მომზადება სჭირდება, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული, ესაა საერთაშორისო სამართლით აღიარებული დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც განსაკუთრებული მტკიცება სჭირდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თავი შეიკავა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან, თუმცა აღნიშნა, "თავისთავად, ის, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდა, დიდი პროგრესის მაჩვენებელია".

 

კომენტარები