ენერგეტიკა

კალაძე: პრეზიდენტად წოდებულს მოვუწოდებ შეეშვას არაადეკვატურ განცხადებებს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტს მოუწოდებს, "შეეშვას უაზრო" განცხადებების კეთებას, თითქოს პრობლემებია ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით - ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 1 აგვისტოს, ენერგო პრო ჯორჯიას ბათუმის ფილიალში გამართული  შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრობლემებია შექმნილი ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. მინდა მოვუწოდო, შეეშვას უაზრო, არაადეკვატურ განცხადებებს, ბოღმით სავსე განცხადებებს, რადგან ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. მე მას დავაიმედებ, უახლეს მომავალში, სადაც ეს ადამიანი იქნება, იქ შუქიც იქნება, გაზიც იქნება და ძალიან ბევრი დრო ექნება იმისთვის, რომ გაიაზროს კარგად, თუ ბოლო წლების განმავლობაში რამხელა დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე მან და მისი გაქსუებული, გაზულუქებული ჩინოვნიკების ნაწილმა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ივლისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებით ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკაში არსებული პრობლემების გამო, "უკვე წელს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას დენის იმპორტის თვალსაზრისით".

კომენტარები