საქართველსო პარლამენტი

უსუფაშვილი: წარსულზე ამდენი დროის ხარჯვა შეცდომაა

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალი ხელისუფლების შეცდომებსა და პრობლემებზე ისაუბრა.

"გეტყვით, რა არის ჩვენი შეცდომა, რომელიც სწრაფად უნდა გამოვასწოროთ. ესაა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზედმეტი დროის და ენერგიის ხარჯვა, ზედმეტი აქცენტების კეთება წარსულზე. ყველას, მათ შორის ინვესტორებს, უნდა დავანახოთ, რომ უფრო მეტს ვფიქრობთ ხვალ გასაკეთებელზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე არ მინდა, რომ "იმ ხალხმა" თან ჩაგვიყოლოს და მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკს გადავაყოლოთ შემდეგი 9 თვე. ამის შემხედვარე ბიზნესმენი ფიქრობს შემდეგს: მოიცა, ესაა ძირითადი თემა ამ ქვეყნის?", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია მე-9 არხთან საუბარში.

მისივე განმარტებით, შემდეგი პრობლემები სახელისუფლებო სისტემაში გადაწყვეტილების მიღების ნელი ტემპი და "სამართლიანობის აღდგენის პროცესის" გაჭიანურებაა.

"9 თვეზე მეტი გავიდა, რაც ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო. ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ და ან გამოვიძიოთ, რაც გამოსაძიებელია, ან გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ადამიანები იქნებიან მუდმივი დაძაბულობის ქვეშ, ვერასდროს ვერ აღვადგენთ სამართლიანობას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, 9 თვე, მაქსიმუმ ერთი წელი, საკმარისი დროა, რათა პასუხი გაეცეს, მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი კერძო საკუთრება შელახეს. "ახლა ის საკუთრება ხომ ვიღაცის ხელშია? ის ვიღაცა დგას და ელოდება რა იქნება - წაართმევენ თუ დაუტოვებენ და რაღაც ჯარიმას დააკისრებენ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და მკაფიოდ ვუთხრათ ყველას - აი, ეს იქნება. ყველაზე დამღუპველი ბიზნესისთვის გაურკვევლობაა. ამიტომ მეტი სიცხადე უნდა შევიტანოთ ჩვენს ეკონომიკურ გეგმებში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კიდევ ერთი პრობლემა, უსუფაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების ნელ ტემპს უკავშირდება. "თუმცა ამასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. იმ სისტემაში როცა ყველაფერს 2-3 კაცი წყვეტს, გადაწყვეტილების მიღება მარტივია - ტელეფონით გასცემს განკარგულებას. ჩვენ დემოკრატიულ პროცედურებს ვნერგავთ, თუმცა არც ისე უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი მეორე უკიდურესობისკენ "გაგვექცეს", 19-ჯერ ვიხილავდეთ ერთ და იმავე თემას და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდეთ. ესაა სერიოზული თემა, რომელზეც ვმუშაობთ და გვინდა გამოვასწოროთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"და ბოლოს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სარგებელი მოსახლეობამ უნდა დაინახოს რეალობაში. მხოლოდ ფიზიკურად რომ პარლამენტი და მთავრობა არის გაყოფილი, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ჩვენ კონკრეტული საკითხები გვაინტერესებს იმ კუთხითაც, რა შეიძლება პარლმენტმა გააკეთოს ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, რითი შეიძლება შეეხმიანოს ამ თემას. ამ საკითხის მიფუჩეჩება და მხოლოდ იმის თქმა, "მერე რა მოხდა, ყველაფერი კარგად იქნება", არ იქნება სწორი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები