საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი გუნავას შეწყალების შესახებ

თენგიზ გუნავა
livepress.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა. კითხვა ამის თაობაზე მას პოლონეთის სეიმის წევრთან, ყოფილ პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. პრეზიდენტის თქმით, "ყველამ კარგად იცის, რისთვის არის გუნავა  დაპატიმრებული".

"ჯერ მას, ყველას თვალწინ, შეუგდეს ნარკოტიკი და იარაღი. ეს აღიარეს, ის პოლიციელები, ვინც ეს გააკეთა, სამსახურიდან გააგდეს და მერე ჩუმად ნაწილი აღადგინეს. შემდეგ წაუყენეს მეორე ბრალდება - იქაც არაფერი გამოუვიდათ, შემდეგ წაუყენეს ბრალდება ოპერატიულ თანხებთან დაკავშირებით, რომლის აღრიცხვის მეთოდოლოგია ძალიან არაზუსტია. იქ რაღაც ფინანსურ ბუღალტრული დარღვევა იყო. ვინც თენგიზ გუნავას იცნობს და იცის, როგორ ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობს, კარგად იცის, რომ გუნავა ხელს არაფერს მიაკარებდა", - განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ისაუბრა გუნავას დამსახურებაზე 2008 წელს, როდესაც, მან, პრეზიდენტის თქმით, გადაარჩინა ასობით მილიონი ლარის ქონება სენაკის ბაზაზე და ქართული სანაპირო დაცვის გემები ფოთში. ასევე - ააფეთქა მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნილი ბუკის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი.

"ვინც იქნება ეჭვმიტანილი წამებაში, ადამიანის უფლებების შელახვაში, ვერასოდეს მიიღებს პრეზიდენტის შეწყალებას. მაგრამ იმ იდეალისტების, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს აშენებდნენ და ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ არაფერი სახლში არ წაუღიათ, ციხეში ჩასმა დაუშვებელია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ახსენა მარეკ დუდაევის გათავისუფლება, ასევე პედოფილების ციხიდან ამნისტიით გაშვება, რასაც ამ სახის დანაშაულის მატება მოჰყვა, აგრეთვე ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა და აღნიშნა, რომ "ამ ფონზე გუნავას ციხეში ყოფნა, რომელმაც მართლაც სამეგრელოში აღმოფხვრა კრიმინალი", დაუშვებელია.

"რა თქმა უნდა, გუნავას გავუშვებ, რა თქმა უნდა, შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ. იმათ სინდისზე იყოს, ვინც ის ჩასვა, ის რამდენიმე დღე, რაც მან საპატიმროში გაატარა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები