რუსეთი-უკრაინა

პუტინი უკრაინაზე: ჩვენ ერთი ხალხი ვართ

csmonitor.com

რუსეთის პრეზიდენტი კიევში ვიზიტის დროს, საბაჟო კავშირში ინტეგრაციაზე უკრაინის დაყოლიებას კვლავ შეეცადა.  ვლადიმირ პუტინმა უკრაინის დედაქალაქში, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის აღნიშვნაში, ასევე რუსული ფლოტის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა. მან რუსეთის და უკრაინის ისტორიულ ერთობას არაერთხელ გაუსვა ხაზი.

27 ივნისს ვლადიმირ პუტინმა უკრაინელ კოლეგა ვიქტორ იანუკოვიჩთან მოკლე, 15-წუთიანი შეხვედრა გამართა, რომელიც, ადგილობრივი მიმომხილველების აზრით, საკმაოდ ცივი გამოდგა. 

ვიქტორ იანუკოვიჩმა პუტინს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა "საერთო  დღესასწაულს" აღნიშნავენ, "რომელიც ჩვენს ერთობას შეგვახსენებს, ჩვენს საერთო ფესვებზე მეტყველებს და გვახსენებს, რამდენი რამ გავაკეთეთ ერთად წინა ასწლეულებში, რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენი მაშინ ჯერ კიდევ საერთო სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების, ქვეყნების განვითარებისთვის".   

იანუკოვიჩის განცხადებით, პუტინთან იგი ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას გეგმავდა. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან ბევრი აქვს სასაუბრო თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, რადგან ამ მხრივ "ჩვენი ქვეყნების წინაშე მრავალი გამოწვევა და საფრთხეა".

28 ივლისს პუტინმა მონაწილეობა მიიღო საზეიმო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. მან ხაზი გაუსვა მართლმადიდებლური ეკლესის როლს რუსეთის და უკრაინის ურთიერთობებში. "ჩვენ ყველანი იმის სულიერი მემკვიდრეები ვართ, რაც აქ 1025 წლის წინ მოხდა... ამ მხრივ ჩვენ, უდავოდ, ერთი ხალხი ვართ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.   

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებთან შეხვედრისას კი პუტინმა რუსეთისა და უკრაინის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებზე და პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის უპირატესობაზე ისაუბრა.

"როგორც იცით, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ამჟამად სხვადასხვა ინტეგრაციული პროცესი მიმდინარეობს... არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ვაჭრობის მოცულობა უკრაინასთან ეცემა, ხოლო საბაჟო კავშირის ქვეყნებთან  - იზრდება. რაც, მისი აზრით, საბაჟო და ევრაზიული კავშირების უპირატესობაზე მეტყველებს. თუმცა, პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს.

28 ივლისს, სევასტოპოლში რუსი და უკრაინელი მეზღვაურების წინაშე გამოსვლისას, პუტინმა ასევე ორი ქვეყნის ისტორიულ ერთიანობას გაუსვა ხაზი. "ჩვენ საერთო ფესვები, კულტურა და რელიგია გვაქვს და ეს ერთობა განსაკუთრებით დღეს იგრძნობა, როდესაც ჩვენი ქვეყნები რუსეთს ნათლობის 1025 წელს აღნიშნავენ. ჩვენი ნათესაური და სულიერი კავშირი ურყევია", - განაცხადა პუტინმა. 

როგორც გამოცემა Christian Science Monitor-თან საუბრისას რუსული გამოცემა კომერსანტის მიმომხილველმა სერგეი სტროკანმა აღნიშნა, რუსეთი სასოწარკვეთილ  მდგომარეობაშია, რადგან უკრაინა პუტინის პროექტის - ევრაზიული კავშირის, მთავარი იმედია.    

ნოემბერში უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს, რაც პრორუსულ საბაჟო და ევრაზიულ კავშირებში ქვეყნის გაწევრიანებას გამორიცხავს. დოკუმენტის პარაფირება გასული წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა მისი ხელმოწერისთვის ბრიუსელი კიევს რიგ პირობებს უყენებს, მათ შორისაა - ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლება.  

"უკრაინა ცდილობს, არჩევანის გაკეთება (ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის) რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს და ევროპის ღია კარი დიდხანს შეინარჩუნოს. თუმცა, ევროპელები საკმაოდ მკაცრად ამბობენ, რომ უკრაინა ორ სკამზე ვეღარ იჯდება", - აღნიშნავს სტროკანი. მისი აზრით, უკრაინაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, პროევროპული განწყობები დომინირებს და საუკეთესო, რაც შეუძლია იანუკოვიჩს პუტინს შესთავაზოს, ორ სკამზე ჯდომის მცდელობაა. "მაგრამ, ევროპული არჩევანის დრო ახლოვდება და უკრაინა ამ შანსის გამოყენებას შეეცდება, იმის მიუხედავად, რა სურს პუტინს", - აღნიშნავს ექსპერტი.  

კომენტარები