ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვას აღიარებენ

geonews.ge

თბილისის განვითარების ფონდიდან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვის სქემის მთავარ დამკვეთად იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ასახელებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის დავით ავალიანის და თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსი თაბუაშვილის ჩვენებები. დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი ჩვენებებში აღიარებენ, რომ დანაშაულებრივი სქემის შესრულება და ფინანსური მაქინაციები იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადეიშვილის დავალებით ხდებოდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დავით ალავიძეს, ალექსი თაბუაშვილს, დავით ავალიანსა და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, "რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა".

გამოძიების ინფორმაციით, ამ პირების მიერ 2011-2012 წლებში სხვადასხვა ხერხით განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისება-გაფლანგვა, რაც, ბრალდებულების ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დაფარვას მოხმარდა.

კომენტარები