საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი შსს-ს დანაშაულთა გამოძიების დასრულების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი შსს-ს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, დადგინელებაში პუნქტი შევიდა, რომლის მიხედვით პარლამენტი შსს-ს მიმართავს, დაასრულოს დაწყებული გამოძიებები, რომელიც პირთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება. საკანონმდებლო ორგანო, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას ასევე მიმართავს, რომ დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, ბრალდებულის საპროცესო უფლებების დაცვა და შესაბამისი გარანტიების გამოყენება განხორციელდეს .

სახალხო დამცველის ანგარიშში, 2012 წლის ბოლოს ნიგვზიანსა და წინწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებია ასახული.

პარლამენტი შსს-ს გასული წლის განმავლობაში, ასევე საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ობიექტური და ეფექტური გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს; ასევე უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება ბავშვთა უფლებების დამრღვევ პირთა მიმართ; უზრუნველყოს ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან.

უჩა ნანუაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ექვს გვერდიანია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმის მიერაა მომზადებული. დოკუმენტში, პარლამენტი რეკომენდაციებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და მთავარ პროკურატურას მიმართავს.

პარლამენტი მთავრობას მიმართავს, რომ უზრუნველყოს ხსენებული სამინისტროების მიერ, ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების შესრულება.

დეპუტატები უჩა ნანუაშვილს 30 ივლისს მოუსმენენ და მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს დადგენილების მიღებით უპასუხებენ.

კომენტარები