საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ბაქრაძე მარგველაშვილს ერთი-ერთზე დებატს სთავაზობს

wikipedia.org

ქვეყნის ისტორიაში პირველმა პრაიმერით გამოვლენილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით ბაქრაძემ, შემაჯამებელ გამოსვლაზე ენმ-ს დელეგატებს მადლობა გადაუხადა.

"დღევანდელი დღე საზეიმო და სასიხარულო დღეა ჩვენი პარტიის და ყველა ჩვენი გულშემატკივარისთვის. მით უმეტეს არ შემიძლია, დღეს არ ვახსენო ის ადამიანები, ჩვენი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვინც დაპატიმრებულია ან იდევნება, როგორც ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და არაერთი სხვა.. მინდა გთხოვოთ, ამ დარბაზიდან ყველა ერთად მივესალმოთ და მხადაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობრებს! მადლობა." - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, პირდაპირი, ერთი-ერთზე დებატების სერია შესთავაზა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე.

"რა თქმა უნდა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ გვექნება ერთიანი დებატი სხვა კანდიდატებთან ერთად და მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის – "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დასხდნენ ერთად და ცივილური, პროფესიონალური დებატების გზით დაანახონ ჩვენს მოსახლეობას, ვინ როგორ სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და განვითარებას.

აუცილებელია, "ქართული ოცნების" კანდიდატმა დაამტკიცოს, რომ მისი მთავარი ღირსება არა მხოლოდ პრემიერთან პირადი მეგობრობაა; აუცილებელია აჩვენოს ხალხს, როგორ აპირებს ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილების არქონის პირობებში; აუცილებელია, დაარწმუნოს მოსახლეობა, რამდენად გააგრძელებს ქვეყნის საგარეო კურსს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან ურთიერთობების და კონტაქტების არარსებობის ფონზე; აუცილებელია, დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის არ იქნება მხოლოდ მთავრობის მეგობარი და მარიონეტი – ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო გზა კი ის დებატებია, რომელსაც მე მას ვთავაზობ! ამიტომ, იმედი მაქვს, გიორგი მარგველაშვილი მიიღებს ჩემს შეთავაზებას და ჩვენ გვექნება პირისპირ დებატების სერია ყველა მნიშვნელოვან თემაზე." - აღნიშნა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ძალა განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, ნაციონალური მოძრაობა სამუდამოდ წარსულში ტოვებს ყველაფერს, რაც დღეს საზოგადოებას მათ შეცდომებად მიაჩნია.

"მივმართავ ჩვენს საზოგადოებას – მინდა დღეს, ამ ტრიბუნიდან გულწრფელად გითხრათ: დიახ, ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე! დიახ, წინა წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქვეყანაში: შეიქმნა ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჯარი და პოლიცია; განვითარდა ინფრასტრუქტურა; განვითარდა ქალაქები; ბევრ სოფელს მიეწოდა გაზი, წყალი; გაკეთდა გზები, მოქალაქეებს აღარ სძალავდენ ქრთამს ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო ;. მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური განვითარების მიტანა ყველა ოჯახში, ვერ შევძელით სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება, ვერ შევძელით ადამიანთა უფლებების საშინელი დარღვევების ბოლომდე აღკვეთა. დიახ, იყო შეცდომებიც, გულგრილობაც და დანაშაულიც. და დღეს ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მივიღეთ 1 ოქტომბრის არჩევნების გაკვეთილი და დავამტკიცოთ, რომ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე." - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

კომენტარები