საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ზურაბიშვილი: არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლებას აწყობს შელახოს ჩემი უფლებები

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

საქართველოს პრეზიდენტობის მსურველი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ არჩევნებში  მისი მონაწილეობის შესაძლო შეზღუდვის საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება იყოს განხილული.

"მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე ოფიციალურად კანდიდატურა და მართლა იგრძნობა დიდი მხარდაჭერა, ატყდა გაუგებარი ალიაქოთი. ვრცელდება ხმები, თითქოს არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩემი არჩევნებში მონაწილეობა იურიდიული საკითხი არ არის, არამედ თუ იქნება, იქნება პოლიტიკური. კონსტიტუციის მიხედვით იურიდიული შეზღუდვა ისედაც არ არსებობს. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი ფიცის დადების მომენტში არ იყოს ორმაგi მოქaლაქეობის მქონე პირი, რაც ყველას ესმის რაოდენ მარტივად წყდება. მეტიც, ამ დღეებში პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საერთოდ ყველანაირ სირთულეს მოხსნის. ამიტომ თუ მართლა შეზღუდვებზე აპელირებენ, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პოლიტიკურად ცდილობენ არ მიმიშვან არჩევნებამდე, ხელოვნური ბარიერების გზით", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, დაუჯერებელია, რომ იმ შეზღუდვებს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებდა", ახლა ქართული ოცნება გამოიყენებს.

"არ მინდა დავიჯერო, რომ თუნდაც ახალი კანონის ამოქმედებისას (ორმაგი მოქალაქეობის შესახებ), ისე მოახერხონ, რომ კანონი მორგებული იყოს ივანიშვილზე და ჩემზე არ გავრცელდეს. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნება? პირიქით, მე მჯერა, რომ ახალი ხელისუფლება, როგორც აცხადებს, ჩაატარებს ყველაზე გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ყველა კანდიდატს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, აწარმოოს საარჩევნო კამპანია. არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლებaს აწყობს შელახოს ჩემი, ანუ დამოუკიდებელი და პროევროპელი კანდიდატის, უფლებები ასეთი უხეში ფორმით და, სინამდვილეში, ამით გზა გაუხსნას არადემოკრატიულ და არადასავლურ ძალებს", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკრძალება პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება და, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიაში ვერ ჩაერთვება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც.

 

კომენტარები