თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები

ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

nedstor.com

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისარი შტეფან ფულე, საქართველოსა და ევროკავშირს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"სიხარულით ვადასტურებთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ სამომავლო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების არსებით დასრულებას. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართულ შეხვედრებზე, ჩვენ გამოვთქვით მადლიერება მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს მხარის წარმომადგენელთა მიზანმიმართულობის გამო, რომლებიც თავდაუზოგავად და ენერგიულად მუშაობდნენ მოლაპარაკებების დაწყების პირველივე დღიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია ასოცირების შესახებ შეთანხმების დიდ მნიშვნელობაზე.

"ეს გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც ევროკავშირისათვის, ასევე საქართველოსთვის და გზას უხსნის ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებზე, პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მოდერნიზაციასა და რეფორმებს. ეს შეთანხმება უშუალო ზეგავლენას იქონიებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ევროკავშირთან დააახლოებს საქართველოსა და მის ყველა მოქალაქეს. ის აეწყობა არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ვულოცავთ ორივე მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში", - აღნიშნულია ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაში. 

 

კომენტარები