პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობას აქციის ფონზე განიხილავს

www.parliament.ge

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებათა პროექტს პარლამენტი დღეს საპროტესტო აქციის ფონზე განიხილავს. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ქუთაისის პარლამენტთან დილიდან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. არასაპარლემენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილება საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საკანონმდებლო ბაზაში უნდა შესულიყო, თუმცა, მათი თქმით, მმართველმა პარტიამ ამ ცვილებების განხორციელება გადაიფიქრა. პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები აკმაყოფილებს მხოლოდ ქართულ ოცნებას და სხვა პარტიის ინტერესები გათვალისწინებული არ არის. არასაპარლამენტო პარტიების პროტესტს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ერთადერთი თემა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გადაიდო, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდაა, რომელიც არა მხოლოდ არასაპარლამენტო, არამედ პარლამენტში შესულ პარტიებსაც ეხება.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ყოველწლიური სახელმწიფო დაფინანსება კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამჟამად, სახელმწიფო დაფინანსებას 14 პარტია იღებს. 

არსებული ინფორმაციით, საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ყველა კვალიფიციურ პარტიას საბაზისო დაფინანსება 300 ათას ლარამდე უნდა გაზრდოდა, ხოლო ერთჯერადად ბიუჯეტიდან დაფინანსება მიეღოთ იმ პარტიებს, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდნენ, თუმცა შვიდი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ზოგმა პარტიამ  ხელი არ მოაწერა მემორანდუმს, რომელიც დაფინანსების ზრდის სქემაზე პარტიების თანხმობას გამოხატავდა. 

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ იმის გამო, რომ სრული კონსენსუსი ვერ შედგა დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს საკითხი შეჩერდა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი კოალიციის მხრიდან შეთანხმების ჩაშლა, რაც, მათი თქმით, პარტიებს არათანაბარ პირობებში ტოვებს და ეჭვქვეშ აყენებს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი საარჩევნო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებასთან ერთად განიხილებოდა: ერთი პროექტი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს შეეხება, რომელიც არსებული შეზღუდვების ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად, მეორე კი -  რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების ხმის მიცემის უფლების განხორციელების მექანიზმებს.

 

კომენტარები