საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ცესკო: კონსტიტუციით ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება

Salome Zourabichvili

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალური განაცხადი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება წარმოდგენილი, ჯერ არ შემოსულა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ცესკოს მხრიდან გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი", - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

აზარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, თუმცა მათგან ორს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მისი განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკრძალება პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ამის გამო, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიაში ვერ ჩაერთვება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც.

"ორ საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაზე უარი უკვე ვუთხარით. მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ჰქონდათ ორმაგი მოქალაქეობა. ერთი იყო ტარიელ ხვედელიძე, რომელიც საქართველოსთან ერთად ნიდერლანდების მოქალაქეა და მეორე - გიორგი გახოკიძე, რომელსაც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს", - განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები