ივანიაძის საქმე

კოჟორიძე: ივანიაძეზე ზემოქმედების მცდელობა გუშინდელ დაკითხვაზეც იყო

timer.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას გუშინდელ დაკითხვაზეც ჰქონდა ადგილი. 
"როგორც ცნობილია, გუშინ ივანიაძე დაკითხვაზე იყო დაბარებული. საგამოძიებო მოქმედების მომენტში ოთახში შემოვიდა უცნობი პირი და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს დაუძახა, რომ გარეთ გასულიყო. ცოტა ხნის შემდეგ, როცა გამომძიებელი ოთახში ბრუნდებოდა, კარების ზღურბლიდან უცნობმა პირმა ხმამაღლა დაუძახა: "ასე ნუ დააკავებენ, მაინც ყოფილი მინისტრიაო". ეს თქვა ჩვენი ადვოკატის და მამუკა ივანიაძის გასაგონად. ძალიან მაღალი ალბათობით, ეს სპეციალურად გაკეთდა ივანიაძეზე ზემოქმედების მიზნით, რადგან ყოფილი მინისტრი, ვინც იმ მომენტში დაკითხვაზე იყო დაბარებული და ვისი დაკავებაც შეიძლებოდა მომხდარიყო, დავით კირვალიძე იყო, რომლის წინააღმდეგაც, როგორც ივანიაძე ამბობს, აიძულეს ჩვენების მიცემა. ჩვენმა ადვოკატმა აღნიშნული ფაქტის საგამოძიებო ოქმში დაფიქსირება მოითხოვა, მაგრამ პროკურატურის გამომძიებელმა ამის უფლება არ მისცა", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს კახა კოჟორიძემ.

მისი განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართავს.

მამუკა ივანიაძე აცხადებდა, რომ მან სამართალდამცავებს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, ივანიაძეზე არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები