იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება

მთავრობა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება

www.parliament.ge

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს მთავრობა მხარს არ უჭერს. ამ საკითხზე დღეს, 23 ივლისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტი 2014 წლის თებერვლამდე იპოთეკით დატვირთული ქონების საქმეებზე აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე მთავრობის პოზიცია საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ წარმოადგინეს. კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც თადუმაძე აცხადებს, გაუგებარია, როგორ იმოქმედებს იძულებით აღსრულებაზე ექვსთვიანი მორატორიუმის გამოცხადება სამართლებრივ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. "რეალურად, შემოთავაზებული 6-თვიანი მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ მდგომარეობა არ იცვლება. არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ აღსრულებას ექვემდებარება და არ ექვემდებარება არც გასაჩივრებას და არც გადახედვას. შესაბამისად, ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ისევ ის მოცემულობა დგება, რაც ამ წუთში გვაქვს. საქმე კერძო, ორმხრივ ურთიერთობებს ეხება და თუ ჩვენ ვიცავთ იმ პირის უფლებებს, რომლებმაც ფული ვერ გადაიხადეს, უნდა დავიცვათ იმათი უფლებებიც, რომლებმაც ფული გაასესხეს და უკან ვერ დაიბრუნეს. ამასთან, ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოქცეული სიბიექტები არიან, რომლებიც ამ ოპერაციებს ახორციელებენ, მათი განხორციელების შედეგად გადიან რაღაც რისკზე, ყველა ეს ოპერაცია იბეგრება და იხდიან შესაბამის გადასახადს. გამომდინარე აქედან, ჩვენ დღეს ამ ორგანიზაციებს ვეუბნებით, რომ თქვენ ფული სხვა რისკის ქვეშ გაასესხეთ, გასესხების შედეგად სარგებელი ვერ მიიღეთ და მე დღეს აღსრულებას ვაჩერებ. ბუნებრივია, შესაძლოა ამან ფინანსურ ბაზარზე იმოქმედოს და რისკი გაზარდოს", - აცხადებს შალვა თადუმაძე.

მან განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა გავრცელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ბანკებზე. ხოლო რაც შეეხება კერძო იპოთეკარებს, მისი თქმით, უფრო დასაბუთებული წერილობითი დოკუმენტი ხვალ ექნება.

სანდრო ბარამიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ასეთ საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. "ეს არ არის ისეთი ღრმა სოციალური მოვლენა, რომელშიც სახელმწიფო უნდა ერეოდეს კანონმდებლობის გზით", - განაცხადა მან და კანონპროექტზე მთავარ მომხსენებელს, უმრავლესობის დეპუტატ გედევან ფოფხაძეს, მედიაციის საბჭოს შექმნა შესთავაზა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს აწესებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, სამომავლოდ, იპოთეკური სესხის აღებაზე სავალდებულო გახდება მისი ნოტარიალური წესით დამტკიცება. ამავე პროექტის თანახმად, სასესხო ვალდებულებები თუ ვერ შესრულდა და კრედიტორი იძულებით აღსრულებას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში მსესხებელს მიეცემა უფლება, თავად გაყიდოს ქონება და შეძლოს ვალის დაფარვაც და სხვა საცხოვრებლის შეძენაც.

"ყველა მაჟორიტარი ვართ მედიატორები. ხან მხარეს ვეხვეწებით, რომ არ გამოასახლონ, ხან აღმსრულებელს და რა ვიცი, ყველა საშუალებას ვხმარობთ. მე გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სოციალური პრობლემა, ამის უკან არის ძალიან დიდი საფრთხეები და თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს საფრთხეები თავს იჩენს და თავს იჩენს პოლიტიკაში, სოციალურ ცხოვრებაში და გარწმუნებთ, რომ თუნდაც რამოდენიმე პრეცედენტი საქართველოში თუ იქნა მკვლელობის და სუიციდის ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამან შეიძლება შეანგრიოს სახელმწიფოს სიმტკიცე", - განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის აზრით, ეს საკითხი დგას იმ რიგში, რომელშიც ამნისტია და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. მისი თქმით, მორატორიუმის ექვსთვიანი პერიოდი ქმედითი გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა გამოიყენონ, რომ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობა შემსუბუქდეს. 

კომენტარები