მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ახლა რომ შემეძლოს, მინისტრებად ახალ სახეებს დავნიშნავდი

მიხეილ სააკაშვილი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

"ახლა რომ ვაკომპლექტებდე მინისტრთა კაბინეტს, ყველგან ახალ სახეებს დავნიშნავდი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ნანუკას შოუში. წამყვანის კითხვაზე, ახლა ეყოლებოდა თუ არა იგივე შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტმა უპასუხა:

"ყოველთვის უნდა მოხდეს გახლება. ასაკი არ არის მთავარი, ამაში დავრწმუნდი. ადრე ავტომატურად მოგვყავდა ახალგაზრდები, ახლა კი იმდენი წელი გავიდა, რომ ახალი თაობა გაიზარდა და ზოგჯერ ეს ახალი თაობა 50 წლის არის. დიახ, ხვალ რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს ვაკომლექტებდე, მთლიანად ახალი ხალხი იქნებოდა, ნამდვილად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყოფილი სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თანამდებობა, რომელიც მას ეკავა, შესაძლოა, არ შეეფერებოდა.

"შეიძლება ხათუნასთვის არ იყო ეს თანამდებობა ზედგამოჭრილი. თუმცა, ხათუნა ჩვენი აქტივისტი იყო ნაციონალური მოძრაობის დროიდან. ბიძამისი ძალიან ცნობილი ფინანსისტი იყო მონაკოში, ევროპულ ფინანსურ წრეებში ძალიან ცნობილი პირი. ხათუნა ასე იზრდებოდა, სწავლობდა ძალიან კარგ კოლეჯებში და უცებ ჩამოვიდა, ჩვენთან ერთად იდგა ბარიკადებთან. შემდეგ წავიდა და როდესაც დაბრუნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკმაოდ დაბალ თანამდებობაზე დაინიშნა. სწრაფად გაიკეთა კარიერა და გრიგოლ ვაშაძეს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. უცებ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ძალიან კარგად მომზადებულმა დოკუმენტებმა დაიწყეს მოსვლა. როდესაც დავინტერესდი, თუ რამ გამოიწვია სამინისტროს გამოსწორება, ვაშაძემ აღიარა, რომ ამ დოკუმენტებს ხათუნა წერდა. როდესაც დავინახე, რომ გაჩნდა ასეთი თვითნაბადი, განსწავლული ადამიანი, მთავრობაში წამოვიყვანე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები