17 მაისის მოვლენები

17 მაისის მოვლენებზე ბრალდებული მღვდლების სასამართლო პროცესი გადაიდო

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

17 მაისის ძალადობრივი ქმედებების გამო დაკავებული ორი სასულიერო პირის საქმე დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა განხილულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. დაცვის მხარის თქმით, მამა იონათამი (ირაკლი ბასილაია) სასამართლოში არ გამოცხადდა, რაც პროცესის ერთი კვირით გადადების საფუძველი გახდა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებიც ადვოკატის აყვანაზე უარს აცხადებდნენ, დღეს პროცესზე ადვოკატებით გამოცხადდნენ. ადვოკატები პროცესის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ ისინი საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ და სასამართლოზე პროცესის გადადების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავდნენ.

საქალაქო სასამართლოსთან დღეს დილიდან აქციას მართავდნენ სასულიერო პირთა მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები. პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, რომლებიც დარბაზში ვერ დაეტივნენ, სასამართლოში რამდენიმე ინციდენტი მოხდა მანდატურებსა და სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის.

აქციაზე ჯონდი ბაღათურიაც იმყოფებოდა, რომელმაც სასულიერო პირთა პროცესი საბჭოთა ხელისუფლების მიერ პატრიარქ ამბროსი ხელაიას დევნას შეადარა. "სასულიერო პირების დაკავებით ტრაბახობს პრემიერმინისტრიც, რომელმაც თავი წარმოიდგინა ბელადად, ამით ტრაბახობს ხიდაშელი და უსუფაშვილი. ეს ხდებოდა მხოლოდ როსტომ ხანისა და ბოლშევიკების მმართველობის დროს, როდესაც უდანაშაულო მღვდლებს ხვრეტდნენ. დღეს სასულიერო პირებს ოთხეული ასამართლებს - ესენი არიან, ხიდაშელი-უსუფაშვილი და ბოკერია-ჩერგოლეიშვილი, ეს ორი ოჯახი ძიების პროცესში ერეოდა და სურვილი ჰქონდა, რომ შექმნილიყო მღვდლების დასჯის პრეცედენტი", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები აქციაზე პლაკატით იმყოფებოდნენ. ისინი იმ ორი მამაკაცის დასჯასაც მოითხოვდნენ, რომელთაც ფილარმონიის წინ ერთმანეთს აკოცეს. აქციის მონაწილეებმა პლაკატზე გამოფენილ ფოტოზე მიუთითეს, სადაც აღნიშნული მამაკაცები ერთმანეთს კოცნიან, მათი თქმით, "მამაკაცების მიერ სიყვარულის აქტის განხორციელება" სკოლასთან უნდა დაისაჯოს. ისინი ასევე "აგრესიული ფემინისტების" დასჯასაც მოითხოვდნენ, რომლებმაც "ნამდვილი ძალადობა განახორციელეს" და ქაშვეთის ტაძართან ახლოს კარიკატურა დახატეს.

მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი შსს-მ 23 მაისს წაუყენა, მას შემდეგ, რაც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული მცირერიცხოვანი აქცია მრავალრიცხოვანი კონტრაქციის მონაწილეებმა ძალადობრივად დაარბიეს. სასულიერო პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

კომენტარები