NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის პრიორიტეტი სამუშაო ადგილები და ტერიტორიული მთლიანობაა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები წარმოადგინა.

კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. 2 338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.  

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა შორის პირველ ადგილზე სამუშაო ადგილები დასახელდა. ეს საკითხი პრიორიტეტულად  რესპონდენტთა 61 პროცენტმა დაასახელა (მარტში ამ საკითხს უპირატესობას ამდენივე რესპონდენტი ანიჭებდა, გასულ წლის ნოემბერში - 56 პროცენტი). 

მეორე ადგილზე თავისი მნიშვნელობით ტერიტორიული მთლიანობა აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად 34 პროცენტმა მიიჩნია (მარტში - 34, ნოემბერში - 29).

მესამე ადგილზე ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება აღმოჩნდა, რომელიც პრიორიტეტად 30 პროცენტმა დაასახელა. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში ამ საკითხის მიმართ ინტერესი შემცირდა - მარტში მას პრიორიტეტად 32 პროცენტი თვლიდა, ნოემბერში - 35).

სიღარიბე მეოთხე ადილზე აღმოჩნდა - ეს პრობლემა 26 პროცენტმა გამოჰყო (მარტში - 25, ნოემბერში - 28). 

ასევე შემცირდა ინტერესი პენსიების თემის მიმართ - 35 პროცენტიდან ნოემბერში 30 პროცენტამდე ივნისში.

რუსეთთან ურთიერთობა გამოკითხული რესპონდენტებისთვის თავისი მნიშვნელობით მეექვსე აღმოჩნდა, ადამიანის უფლებები - მეშვიდე. შემდეგ მოდის განათლება და ფასების ზრდა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები