საქალაქო სასამართლო

ჯოზეფ ქეის საჩივრის საფუძველზე გიორგი ვაშაძეს ქონებაზე შეზღუდვები დაუწესეს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრები იტყობინებიან, დაყადაღებულია გიორგი ვაშაძის სახლი. მათივე ინფორმაციით, უმცირესობის დეპუტატის ბინას ყადაღა ჯოზეფ ქეის საჩივრის საფუძველზე დაედო. ამ უკანასკნელმა ვაშაძეს მისთვის ტელეეთერით "თაღლითის" წოდებისთვის უჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

"ეს არის სრული აბსურდის თეატრი, უკვე ოპოზიციის დევნა გადადის ყოველგვარ ზღვარს, ეს არის შემაშფოთებელი. ჯოზეფ ქეი არის საჯარო ფიგურა, მას თმენის ვალდებულება აქვს. ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა და შემდეგ ამაში უკვე ერთვება სასამართლო, ეს არის უკვე ზღვარსგადასული", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.

თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გიორგი ვაშაძის მიმართ გამოიყენეს არა ყადაღა, არამედ შედარებით მსუბუქი ღონისძიება - ბინის გასხვისებისა და მისი იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. "მოსარჩელე არის ჯოზეფ ქეი, მოპასუხე - გიორგი ვაშაძე, და დავის საგანი არის ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა და, აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს არის მოთხოვნა. მორალური ზიანის ანაზღაურება გახლავთ 50 ათასი ლარი", - განუცხადეს ნეტგაზეთს სასამართლოში.

კომენტარები