საქართველო-ევროკავშირი

ფულე: ჩვენ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება უმცირესობების პრობლემაზე

შტეფან ფულე

ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფას იმ საკითხად მიიჩნევს, რამაც შესაძლოა ვილნიუსის სამიტზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ბედი გადაწყვიტოს. 

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, შტეფან ფულემ კომენტარი გააკეთა 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიძღვნილი ღონისძიების პასუხად მომხდარ ძალადობაზე. მან განაცხადა რომ ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს: "ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, ერთი მხრივ აღვნიშნეთ პროგრესი, რაც ზოგიერთი მიმართულებით შეიმჩნევა, მაგრამ ამავდროულად გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, რომ უმცირესობებზე ძალადობა პრობლემაა. მათ შორის ამასაც ვგულისხმობდი ჩემს, შესაძლოა ზოგად, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვან განცხადებაში, რომ საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე, საქართველო წარდგეს როგორც უფრო ძლიერი და არა როგორც უფრო სუსტი დემოკრატია".

ტაბულას კითხვაზე, რამდენად ადეკვატურად მიიჩნევს კომისარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებას 17 მაისს და ადასტურებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რაც ამ უკანასკნელმა ადგილობრივ ტაბლოიდთან - ასავალ-დასავალთან საუბარში განაცხადა (10 ივნისი, 2013), თითქოს ევროკავშირს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა აღარ დარჩა და რომ კომისარმა ფულემ, მას პირდაპირ უთხრა "შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ასე მოვიქცეოდიო", კომისარმა ფულემ ასეთი პასუხი გასცა:

"ამ თემაზე საუბარი ჩემსა და მინისტრს შორის ბრიუსელში შედგა. მე მას ვთხოვე დაწვრილებით მოეყოლა იმ მოვლენების შესახებ, რაც 17 მაისს უსწრებდა წინ, ასევე უშუალოდ 17 მაისის შესახებ. მან საკმაოდ დეტალურად აღწერა რა ხდებოდა. ისაუბრა იმ ახალ გარემოებებზეც, რაც წინა დღეს შეიქმნა და რამაც, როგორც ჩანს, მას გადააწყვეტინა ისე ემოქმედა როგორც იმოქმედა - ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავდნენ, მათი ევაკუაცია მოახდინა იმ ადგილიდან. 

მე ვუთხარი, რომ გამომდინარე იქიდან, რასაც ის ჰყვებოდა, პრიორიტეტად ადამიანების უსაფრთხოების დასახვის გარდა, სხვა გამოსავალი რთული საპოვნელი იყო. მე ასე მახსოვს მინისტრთან დისკუსია. თუმცა ჩვენი საუბარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მნიშვნელოვან თემაზე გაგრძელდა - ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ პოლიციამ და სამინისტრომ მომავალში შეძლოს თავისუფალი აზრის მშვიდობიანი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების პირობების შექმნა. ის დამპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება უზრუნველყოს".

კომენტარები