საპარლამენტო უმცირესობა

ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

primetimenews.ge

საპარლამენტო ბოიკოტი შეწყდება. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეიკრიბება. განიხილება ის საკითხები, რომელთა მიღებაც გეგმიური სესიების ფარგლებში ვერ მოხერხდა. წინასწარი დღის წესრიგის მიხედვით, ამ საკითხებს შორისაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები და უმაღლესი განათლების კანონში შესწორებები. ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვები ნაციონალური მოძრაობის ოპონირების ფონზე წარიმართა.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ბოიკოტი კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. უმცირესობამ ბოიკოტი თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოაცხადა.

„ამ ბოიკოტის და პროტესტის ამოცანა იყო მიგვეპყრო მეტი საზოგადოებრივი ყურადღება ამ ფაქტის მიმართ და ეს ამოცანა ამ პროტესტმა შეასრულა და დღევანდელ ეტაპზე დგას კონკრეტული ამოცანები, არის კონკრეტული კანონები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ბოიკოტის შეწყვეტა ერთ-ერთი ის თემა იყო, რაც 6 ივლისს დავით ბაქრაძემ ურეკში პრემიერ-მინიტრ ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის იზიარებდა ივანიშვილისა და უსუფაშვილს სურვილს ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმცირესობა თანაგუნდელებთან კონსულტაციების გზით მიიღებდა.

კომენტარები