სასამართლო ხელისუფლება

კუბლაშვილი: გადაწყვეტილებას იღებს და ცვლის მხოლოდ სასამართლო

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების შეწყვეტას მოითხოვს - ამის შესახებ კონსტანტინე კუბლაშვილმა 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა განცხადება გავაკეთო ბოლო ხანს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მაღალი დონის წარმომადგნელების მხრიდან მოსამართლეთა შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტზე. ორიოდე კვირის წინ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ჩემი პირველი მოადგილის შესახებ იყო საუბარი ისეთ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ შეიცავდა შეურცხყოფას და მას უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. შემდეგი იყო საუბარი ზოგადად სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და მოსამართლეებზე, ახალციხეში მომხდარი ფაქტებზე. აქაც უმრავლესობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ბოლოს, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თბილისის მერმა ისაუბრა და პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ მოსამართლეებს", - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირი მცდელობაა, რაც ძირს უთხრის მის დამოუკიდებლობასა და განვითარების პერსპექტივებს:

"როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან, ასეთი შეფასებები და შურაცხყოფები არის სასამართლოს საქმიანობაზე პირდაპირი ზეგავლენისა და ჩარევის მცდელობა. კატეგორიულად ვამბობ, რომ საბოლოო შედეგს ამით ვერ მიიღებენ, მაგრამ თავისთავად ისინი ძირს უთხრიან სასამართლოს, ახდენენ მთლიანად სასამართლო სისტემის და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტაციას. ეს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ვართ, აბსოლუტურად მიუღებელია", - აცხადებს კუბლაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების მწვავე კრიტიკა ნორმალურია, თუმცა ის ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა დარჩეს:

"როდესაც ხელისუფლების წარმდგენელი პარლამენტიდან ამბობს, რომ მან იცის მტკიცებულებების არსებობის შესახებ და ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა, ეს არის არაცივილიზებული და უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიტინგების ფონზე ვერ შეიცვლება - ის უნდა გასაჩივრდეს და მხოლოდ ასე შეიძლება მისი შეცვლა. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს: გადაწყვეტილებას იღებს და მისი შეცვლა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს", - ამბობს კუბლაშვილი.

კომენტარები