საია

კოჟორიძე: მიქაუტაძეს ჩვენება დიდი ალბათობით ზეწოლის ქვეშ დააწერინეს

კახა კოჟორიძე
timer.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, მამუკა მიქაუტაძის დაღუპვაზე ოჯახის ვერსია დიდი ალბათობით მართალია. ოჯახი ვარაუდობს, რომ მიქაუტაძე დაკითხვისას აწამეს და ჩვენება ისე მიაცემინეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ კოჟორიძემ სააგენტო "ინტერპრესნიუს" განუცხადა.

"ჩემი აზრით, იმ ჩვენებას ადამიანი ზეწოლის გარეშე არ დაწერდა. თავის დაწერილს არ გავდა. 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რა შაბეჭდილებაც დამრჩა იმ ჩვენების წაკითვის შემდეგ, არის ეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები გავარკვიოთ," აცხადებს კოჟორიძე.

საია-ს ინიციატივით, დღეს გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლის შედეგადაც დადგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკურ ზეწოლას.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ დაკითხვაზე მოწმის სახით წაიყვანა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძემ ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ აწამეს, ცრუ ჩვენება მიაცემინეს და ამის გამო თავის მოკვლას აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძე ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე. 

კომენტარები