საპარლამენტო უმცირესობა

ბაქრაძეს, უსუფაშვილსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართება

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

დღეს პრემიერმინისტრის ურეკის რეზიდენტციაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსა და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია დავით ბაქრაძემ გაავრცელა.

ბაქრაძის თქმით, პოლიტიკოსები ყველა იმ საკითხზე ისაუბრებენ, რაც საზოგადოებისთვის და ოპოზიციური ძალისთვის მნიშვნელოვანია. 

"იმ პირობებში, როცა მხარეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად მწავავდება, ადვილი საწარმოებელი არ არის დიალოგი, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მიყოყმანია, რადგან ვფიქრობ, რომ აუცილებელია დიალოგი და კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან ესაა პირობა იმისა, რომ საზოგადოება იქნება დამშვიდებული, ქვეყანა წავა წინ. სწორედ ამიტომ, ბრიფინგის შემდეგ მე მივემგზავრები ურეკში," განაცხადა ბაქრაძემ. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, სწორედ დღეს გადაწყდება დასრულდება თუ არა ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი და დაესწრება თუ არა ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას. 

"ვფიქრობ, ეს ნორმალური ცვლილებაა, რაზეც შეიძლება დავთანხმდეთ, თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები, რომ გარკვეულწილად იზღუდება პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები. სხვათა შორის, ამაზე საუბრობენ არასამთავრობოებიც.   ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს კითხვები მოიხსნება და ამის შემდეგ ამ ნაწილთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ. მზად ვიქნებით, რომ შევჯერდეთ და ფორმალურად ვიმუშაოთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო კვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევას, ბუნებრივია ეს არის ძალიან პრობლემური. ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი და მათ შორის ფართო პოლიტიკური კონსესუსის საგანი. ყოველთვის აკრიტიკებდნენ ჩვენს ხელისუფლებას იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღებოდა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ნაჩქარევ რეჟიმში. აგერ ბატონო, ახლა გვაქვს სხვა რეჟიმი, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ვეღარ იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სადაც დაჩქარებული წესით ვეღარ მიიღება საკონსტიტუციო ცვლილება," განაცხადა ბაქრაძემ. 

 

კომენტარები