სამხედრო ტექნიკა

სააკაშვილი: იარაღის წარმოება დავიწყეთ კარგად და არ გავაგრძელეთ

Georgia's President Mikheil Saakashvili speaks during a news conference in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, საქართველოს ბოლო წლებში ამ მხრივ  წარმატებები ჰქონდა, რომელთა მაგალითებია სამხედრო მანქანები – დიდგორი და ლაზიკა.

 "ახლა მიმდინარეობს ბჭობა, უნდა ერქვას თუ არა ეს სახელები – დიდგორი და ლაზიკა. განსაკუთრებით თურმე "ლაზიკა" აღიზიანებთ, თითქოს, ამაზე მეტი გასარკვევი არაფერია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სამხედრო ტექნიკის წარმოების წარმატებულ მაგალითად პრეზიდენტმა უპილოტო საფრენი აპარატის დამზადებაც  დაასახელა.

"მას შემდეგ რაც ჩვენ ვიყიდეთ ისრაელიდან უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან საეჭვო გარემოებებში მათი კოდი გახდა ცნობილი მოწინააღმდეგისთვის, რომელთაც ის ჩამოგვიყარეს. მერე მივხდით, რომ არავიზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და შევქმენით ჩვენი აპარატი, ჩვენით გამოვცადეთ და ძალიან ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, რომ არავიზე არ ვიყოთ დამოკიდებული და საკუთარი ხელით ვაკეთოთ ბევრი რაღაც", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში არსებობს გამოგონებების და სამხედრო ტექნიკის წარმოების გაგრძელების პოტენციალი, თუმცა ამ პროცესს სწორი პოლიტიკური მიმართულების მიცემა სჭირდება.

"იარაღის წარმოება დავიწყეთ კარგად და არ გავაგრძელეთ, როგორც ხშირად – კარგად ვიწყებთ და გაგრძელება არ გვიყვარს. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც უმაღლესი დონის ტექნიკა შექმნა, ახლა გაქცეულია საქართველოდან და ერთ-ერთმა ქვეყანამ მას სიამოვნებით მისცა თავშესაფარი. თურმე ჩვენი სამართალდამცავები ეძებენ, საზღვარგარეთ კი მაშინვე სტაცეს ხელი, რადგან ის მსოფლიო კლასის სპეციალისტია. ასეთი შეცდომები არ უნდა მოგვდიოდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები