ბარბარე რაფალიანცის საქმე

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

timer.ge

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ დაღუპული 10 თვის ჩვილის დედამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიება დროში გაიწელა და "ხელჩასაჭიდი არაფერი არ არის, ვერაფერს ვერ ნახულობენ".

რაფალიანცების ოჯახი მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, გამოძიების პროცესში პროკურატურის ჩართვის თხოვნით მიმართავს.

იმ შემთხვევაში, თუ "პროკურატურაც უძლური იქნება", ოჯახი საქმის გამოძიების მიზნით, პროცესში FBI-ის გამომძიებლების ჩართვასაც ითხოვს.

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ასევე კითხვები აქვს სახალხო დამცველის აპარატს.

როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, ომბუდსმენის აპარატმა საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზონანსული საქმის დროულად გახსნას სთხოვს.

შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები