საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სახელმწიფომ ეკლესიას ბოლო 11 წლის განმავლობაში 200 მილიონი გადასცა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
transparency.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ჯგუფების დაფინანსებასთან დაკავშირებით მონაცემები გამოაქვეყნა, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ (2002 წ.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გადაცემული თანხა, ბიუჯეტის ზრდის პარალელურად იზრდებოდა. 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერისას სამინისტრომ სამოციქულო ეკლესიას 857,600 ლარი გამოუყო.

"ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დაფინანსება ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში დაფინანსება, შესაბამისად, 4,803,300 და 4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს - 12,933,400 ლარი გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ ორჯერ - 26,394,900 ლარამდე გაიზარდა (2009 წელი). მომდევნო წლებში დაფინანსება მცირეოდენ შემცირდა (მაგალითად, 2011 წელს 24,391,700 ლარი, 2012 წელს 22,800,000 ლარი). ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დახმარების ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 2013 წელს 25,000,000 ლარი შეადგინა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში)", - ნათქვამია კვლევაში.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 2006-2012 წლებში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაიხარჯა 8,388,200 ლარი; ორგანიზაცია მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპატრიარქოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10,401,087 ლარი გამოუყო, საიდანაც ეკლესიებისთვის ავტომანქანების შესაძენად 2,170,290 ლარი დაიხარჯა; 2011-2012 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფინანსურმა დახმარებამ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიისათვის 600,000 ლარი შეადგინა.

ამას გარდა, 2002 წლიდან დღემდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხა 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს საპატრიარქოსთვის პრეზიდენტის, ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ უფასოდ ან ერთ ლარად გადაცემული ქონების ჩამონათვალს.

რაც შეეხება სხვა რელიგიურ ჯგუფებს, ორგანიზაციის მიერ მოპოვებული წერილობითი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს მიერ 2002-2012 წლებში სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ გაწეული დახმარების დამადასტურებელი მხოლოდ ორი შემთხვევა გვაქვს.

"საქართველოს იეზიდთა კავშირს, პრეზიდენტის განკარგულებით, 2010 წელს ვარკეთილის ტერიტორიაზე 1 ლარად გადაეცა 1,629 მ2 მიწის ნაკვეთი ქურთული კულტურული ცენტრის აშენებისა და აღნიშნულ ცენტრში ქურთული და ქართული ენების, ისტორიის, კულტურის, და კომპიუტერული სწავლების კურსების მოწყობის მიზნით. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში ქართული და სომხური ეკლესიებისათვის გამოიყო ფულადი დახმარებები (2009-2012 წლებში ქართულ-სომხური ეკლესიების ფინანსურმა დახმარებამ 35,624 ლარი შეადგინა)", - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები