პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აუცილებლად აღვადგენთ

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დოიჩე ველეს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. „მე პოლიტიკიდან წასვლას ვგეგმავ, თანაც ძალიან მალე, (საპრეზიდენტო) არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან პრეზიდენტის პოსტზე არ იყარა კენჭი. 

ინტერვიუში პრემიერი აცხადებს, რომ საზოგადოებაში მისი მმართველობით შესაძლო იმედგაცრუებისთვის მზად იყო. „მე  ვიცნობ ქართველთა ხასიათს, ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი უცებ გვინდა. ჩვეულებრივ, მოსახლეობა, რომელსაც დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს, ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ელოდება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.  

მისი თქმით, „საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება არსებობს: ხალხი ფიქრობს, აი, ის ხელსუფლებაში მოვიდა, ეს კი ჩემს ჯიბეზე არ ასახულა. მაგრამ, საერთო ჯამში, კარგი ფონია, კარგი რეიტინგები გვაქვს“. 

შეკითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ეს იმედგაცრუება მის წინააღმდეგ ორიოდე წლის შემდეგ იქნება გამოყენებული, ივანიშვილი პასუხობს: „არა, ორიოდე წლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვიქნები. მე პოლიტიკიდან წავალ და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ვიმუშავებ“. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს „ყველა თვისება აქვს, რომ ღირსეული პრეზიდენტი გახდეს. ის განათლებულია, ძალიან გამოცდილია, კარგი მენეჯერია, კრეატიული, კარგი მეგობარი და გუნდური მოთამაშეა. ის ძალიან პატიოსანია, უყვარს ქვეყანა და ამ თანამდებობაზე ჩაციკლული არ იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ „სავარძელს არ ჩაებღაუჭება“.

პრემიერის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მარგველაშვილს საქართველოს რეგიონებში ნაკლებად იცნობენ, კოალიციას და მის კანდიდატს კარგი რეიტინგები აქვთ და იგი აუცილებლად გაიმარჯვებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნება მას კონკურენტად არ აღიქვამს. „ისინი მეორე ადგილსაც ვერ დაიკავებენ, შესაბამისად, შეცდომაა იმის თქმა, თითქოს ისინი ჩვენი კონკურენტები არიან და ამიტომ ვიჭერთ“, - განაცხადა პრემიერმა. მისი განცხადებით, იგი რეპრესიებსა და შერჩევით მართლმსაჯულებას არ დაუშვებს.

ივანიშვილის განცხადებით, მისი თანამშრომლობა პრეზიდენტს სააკაშვილთან ვერ შედგა, რადგან ამ უკანასკნელის იდეოლოგია „სიცრუე და ძალადობაა“ და პრეზიდენტს „თავის მეთოდებზე უარი არ უთქვამს“.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ივანიშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია. „დადებითი ძვრები უკვე მოხდა, პრაქტიკულად აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე გავიდა. აქტიურად ვმუშაობთ რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისა ან საერთოდ გაუქმების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

მაგრამ, მისი თქმით, „ჯერ კიდევ რჩება პრობლემები, მაგალითად, მავთულხლართების მშენებლობა და მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანების დაკავება. ამ კითხვებზე ჩვენ პასუხს ვითხოვთ. არ მგონია, რომ ეს კრემლიდან, ცენტრალიზებულად კეთდება“.

ამის მიუხედავად, პრემიერის აზრით, „რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების პირველი ეტაპი ძალიან სწრაფად და წარმატებით გავიარეთ“ და შემდგომი ნორმალიზაციის პერსპექტივაც არსებობს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. „სოჭის ოლიმპიადამდე დარჩენილ ერთ წელიწადში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ვერ მოვასწრებთ. თუმცა, მომავალში მათ აუცილებლად აღვადგენთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, ივანიშვილის განცხადებით, „აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, პირველ რიგში, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, ჩვენ კი აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. უნდა ვიბრძოდეთ არა მიწისთვის, არამედ ხალხისთვის. ადამიანებს ჩვენთან ცხოვრების სურვილი უნდა გაუჩნდეთ, მეგობრული ურთიერთობისა და მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“.

„ვფიქრობ, არც რუსეთს აძლევს ხელს გვერდით სეპარატისტული რეგიონების არსებობა, - აღნიშნა პრემიერმა. - თავის ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა კიდეც, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა თქვას უარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. რა თქმა უნდა, რთულია უარის თქმა, მით უმეტეს, რომ რუსეთს აფხაზებთან და ოსებთან კარგი ურთიერთობა აქვს. პუტინის განცხადების ქვეტექსტში იკითხება: ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ქართველებთან ერთად უნდათ ცხოვრება, რუსეთს უფრო მეტად გაუადვილდება თავის აღიარებაზე უარის თქმა. ტყუილად ფიქრობს ყველა, რომ რუსეთს როცა უნდა მაშინ შეუძლია მიწების წართმევა და დაბრუნება. ეს არ არის ადვილი. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რომ ჩვენთან თანაცხოვრება უფრო კარგია, ვიდრე უჩვენოდ“.

ივანიშვილმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო შეძლებს ერთმანეთს შეუთავსოს NATO-ში გაწევრიანება და რუსეთთან კარგი ურთიერთობები. პასუხისმგებლობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გეგმებით რუსეთის გაღიზიანების გამო, პრემიერმა წინა ხელისუფლებას დააკისრა: „სააკაშვილი დიდხანს აღიზიანებდა რუსეთს იმით,  თითქოს, თუ ქვეყანა NATO-ში შევა, რუსეთი ლამის დაიშლება. მან საკუთარი რიტორიკით ყველაფერი გაართულა. ახლა რუსეთი NATO-ში ჩვენს გაწევრიანებას გაღიზიანებით უყურებს“.

ამავე დროს, მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და ეს ადრე თუ გვიან მოხდება. 

კომენტარები