ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

თარგამაძე: თუ კანდიდატი 4%-ს მიიღებს, მილიონი ლარით უნდა დაფინანსდეს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, საარჩევნო მარათონის თანაბარ პირობებში ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში მინისტრის სტატუსით არ უნდა იყოს წარმოდგენილი.

"მნიშვნელოვანია, მინისტრი, რომელიც კენჭს იყრის არჩევნებში, ამ სტატუსით არ იყოს წარმოდგენილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს და უფასო სახელმძღვანელოებს არ ურიგებდეს მოსწავლეებს ისეთი ბედნიერი სახით, თითქოს ეს მხოლოდ მისი ან მისი პარტიის ლიდერის ჯიბიდან ამოღებული თანხის დაფინანსებული პროგრამაა. მაშინ როცა, ეს ყველა ჩვენგანის მიერ ბიუჯეტში გაღებული თანხებიდან ფინანსდება", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც მინისტრების მოადგილეებსა და გუბერნატორებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აუკრძალავს.

თარგამაძე ასევე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად, აუცილებელია, იმ კანდიდატს, რომელიც ხმათა 4%-ს, საპარლამენტო ბარიერზე 1%-ით მეტს მიიღებს, საარჩევნო ხარჯები ერთი მილიონი ლარი საბიუჯეტო დაფინანსებით აუნაზღაურდეს.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ მისი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. თარგამაძის თქმით, ორ კვირაში, შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ, საზოგადოება საბოლოო გადაწყვეტილებას შეიტყობს.

კომენტარები