ეუთო

საპარლამენტო ასამბლეა ეუთოს მონიტორინგის აღდგენისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მოუწოდებს ეუთო-ს, დარეგულირებელი კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, გააძლიეროს და გააორმაგოს ძალისხმევა. ამის შესახებ პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული.

რეზოლუციის პროექტი, სტამბოლში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამოქვეყნდა. 

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ეუთო-მ აღადგინოს საქართველოში მონიტორინგი და შეინარჩუნოს და გააძლიეროს ეუთო-ს ოფისები ბაქოსა და ერევანში ისევე, როგორც თავისი მისია მოლდოვაში", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. 

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, საქართველოში 2008 წლის ომის შედეგების გადაჭრის გზების ძიებასთან დაკავშირებით.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების შემცირებასა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოუწოდებს ეუთო-ს გააძლიეროს მუშაობა საქართველოში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის", - აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში.

სტამბოლში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე წელს 57 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს.

ეუთოს მისიის აღდგენას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანიც. მისი თქმით, ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ეუთოს მისია აღდგეს, მაგრამ ერთი დელეგაციის გამო, რომელიც ამ საკითხს ბლოკავს, მიზნის მიღწევა ვერ ხერხდება. 

კომენტარები