ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერების გადაღებაში, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, აცხადებს საპალამენტო უმცირესობის ლიდერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
"ის ბრალდებები და ფირები, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, შოკის მომგვრელი და მიუღებელია. მთავარი კითხვა, რასაც ჩემს თავს ვუსვამდი ამ ბოლო პერიოდში, არის ის, რა მეთქვა ხალხისთვის? საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ეს არ ვიცოდი. საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ამას ვემიჯნები? მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში არცოდნა და ასეთი დანაშაულისგან გამიჯვნა საკმარისი არ იყო, რადგან მიმაჩნია, რომ მაქვს მორალური ვალდებულება, რომ წინა წლებში ვიყავი ამ გუნდის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მე მაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩე იქ, სადაც ვიყავი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შეფასდეს წარსული, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, აღდგეს ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და წინ წავიდეს. დღეს ჩვენ შოკიდან შოკამდე, სტრესიდან სტრესამდე ვცხოვრობთ და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს არის სასტიკი და გულისამრევი დანაშაული, არცერთი ის ადამიანი არ იმსახურებს პატიებას, ვინც ამ დანაშაულს პირადად სჩადიოდა ან იცოდა, რომ ასეთი რამ ხდებოდა და თვალს ხუჭავდა, ან კიდევ ვინმეს ავალებდა ამის გაკეთებას. ჩემთვის ღირსების საქმეა, ხელი კი არ დავაფარო ამის ჩამდენებს, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ძალიან მკვეთრად ვიტყვი თუ გამოძიებით დასაბუთდება, რომ დანაშაული მიდის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებთან, ვინც უნდა იყოს დამნაშავე, მის დასჯას მოვითხოვ. უნდა დაისაჯოს, ვინც უნდა იყოს დამნაშავე - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე თუ ჩემი ოჯახის წევრი", - განაცხადა ბაქრაძემ.
"მწვავე თემაა ე.წ. პოლიტპატიმრების თემა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში 200 პოლიტპატიმარი ვერ იქნებოდა, როდესაც ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაში ერთად 20 პოლიტპატიმარია, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას სახელმწიფო უკანონოდ მოექცა. ამიტომაც, როდესაც წარსულის ობიექტურად შეფასებაზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის ეს ადამიანები არ არიან გათავისუფლებული დამნაშავეები, მაგრამ მათ არც პოლიტპატიმრებს ვუწოდებ. რადგან მათ სახელმწიფო უკანონოდ მოექცა, ბოდიში უნდა მოვუხადოთ და გამოვასწოროთ ის უკანონობა", - აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძემ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის შესახებაც ისაუბრა.
"მისი მთავარი სიძლიერე კი ის არის, რომ ივანიშვილის კანდიდატია, რომელიც პრემიერმა მეგობრობისა და კომფორტულობის გამო შეარჩია, მაგრამ მარგველაშვილის სისუსტეა ის, რომ ამ ნიშნით შერჩეული კანდიდატი ვერასოდეს შეძლებს მთავრობის გაკონტროლებას", - აცხადებს ბაქრაძე.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის აზრით, ივანიშვილი ჯერ არ უნდა წავიდეს მთავრობიდან, რადგან ხალხმა ხმა არა მარგველაშვილს, არამედ მას მისცა. ბაქრაძის თქმით, ხალხის ნდობა და ქართული ოცნების ყველა დაპირება სწორედ ივანიშვილის სახელს უკავშირდება. მისი თქმით, ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის ვალია, რომ დარჩეს და ყველა დაპირება, რაც ხალხს მისცა, შეასრულოს.





