ევროპის საპარლამენტო ასამბლეა

ევროპელ დეპუტატებს საქართველოში პოლიტიკური დევნა აშფოთებთ

wikipedia.org

28 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხზე, ჰოლანდიელმა დეპუტატმა პიტერ ომციგტმა და ევროპელი პარლამენტარების ჯგუფმა საქართველოში ოპოზიციის წევრების პოლიტიკური დევნის შესახებ სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავეს. დეკლარაციაში დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნავენ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ახალი ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებითაა მოტივირებული.

საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ:

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცასა და პლურალისტული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს. თუმცა, ნაბიჯები, რომელიც არჩევნების შემდგომ საქართველოს ახალი ხელისუფლებამ მთავრობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ გადადგა, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებითაა მოტივირებული. ყოფილი პრემიერმინისტრის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობა, ასევე ყოფილი ხელისუფლების და ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენლისთვის ბრალის წაყენება განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ეს მოქმედებები, ასევე არჩეული თვითმმართველობების ორ მესამედზე მეტის არადემოკრატიული გზით დაუფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის ვალდებულებას, გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რამაც ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნდა მოიცვას ყველასთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ჩვენ ვგმობთ პოლიტიკოსთა სიტყვიერ თავდასხმებს იმ მოსამართლეებზე, რომელთაც არ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობები ყოფილი თანამდებობის პირების წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით.'' - ნათქვამია რეზოლუციაში.

დეკლარაციას ხელი ლატვიის, ლიტვის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა, ასევე მონიტორინგის კომიტეტის თავჯდომარემ მოაწერეს. 

 დეკლარაციის მიღებამდე, დებატებზე გამოსვლისას პიტერ ომციგტმა აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით:

„ათეულობით ადამიანის დაპატიმრება (და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანზე) პოლიტიკის წარმართვის ის სტილი არ არის, რომელიც ევროპაში ჩვენ მოგვწონს," - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ პიტერ ომციგტი აქტიურად მოითხოვს  რუსი ადვოკატის  სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის გამოძიებას  და  ნიდერლანდებში ე.წ.  მაგნიტსკიც კანონის მიღებას უჭერს მხარს. კანონი რუსეთის იმ მოქალაქეებზე ვიზების გაცემას კრძალავს, რომლებიც ადვოკატის მკვლელობასთან არიან დაკავშირებულნი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის დელეგაციის თავმჯდომარემ და საფრანგეთის პარლამენტის წევრმა რენე როკეტმაც:

„ვფიქრობ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ვანო მერაბიშვილის, ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატის, დაპატიმრება კითხვებს ბადებს. მე ვერ განვსჯი მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრლდებებს, მაგრამ განცხადებები, რომლებიც გააკეთეს მთავარმა პროკურორიმა და მთავრობის წევრებმა პოლიტკური და არასამართლებრივია, რაც საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს - უდანაშაულობის პრეზუმფციას," - აღნიშნა როკეტმა.

დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს ასევე 27 ივნისს თბილისში განხორციელებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, მათ შორის ლატვიის დელეგაციის თავმჯდომარემ ლოლიტა ციგანემ და უკრაინელმა დეპუტატებმა იგორ სობოლევმა და იულია ორობეტსმა.

„30 ადამიანის ხელმბორკილებით დაკავება და შემდეგ გაშვება სხვადასხვა მთავრობებისთვის ცუდი მაგალითია და კუდიანებზე ნადირობას გავს," - განაცხადა ლიტვის დელეგაციის თავმჯდომარემ ემანუელის ზინგერისმა.

სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობის გამიჯვნაზე  რეზოლუცია მიიღო ევროპის საპარლამენტო ასამბლეამაც. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური შეცდომებისა თუ უთანხმოებებისთვის დასჯის მიზნით სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენება დაუშვებელია.

”ყოფილი მინისტრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებების შესახებ  ევროპული კონვენციის  მეშვიდე მუხლი  და სხვა მოთხოვნები, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპებითაა  ინსპირირებული. მათ შორის სამართლიანობა, გამჭვირვალობა, პროპორციულობა და თანაბარი მოპყრობა. თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებული ადამიანების საქმეები გულდასმით უნდა იქნეს გამოძიებული და მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი და  დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს . მინისტრების პასუხისგებაში მიცემისას არ უნდა დაირღვეს კანონის უზენაესობის პრინციპები. პოლიტიკური დევნისგან თავის ასაცილებლად ამ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე და კანონის აღსრულების პროცედურებში მეტი თავდაჭერილობაა საჭირო. ”,- აღნიშნულია რეზოლუციაში. 

კომენტარები