NATO-საქართველო

პრემიერს პოზიტიური ნაბიჯების ფონზე რუსეთის ქმედებები აკვირვებს

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც საერთაშორისო საზოგადოება ახალი ხელისუფლების ნამდვილ სახეს დაინახავს.

"როგორც იცით, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე შეხვედრაა, რომელიც საქართველოში იმართება. ასეთი შეხვედრები ამტკიცებს იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც NATO-ს წევრები იჩენენ საქართველოსთან მიმართებაში. თავის მხრივ, საქართველოც თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ამ ძალიან ღირსეული ალიანსის წევრი. გვქონდა საინტერესო საუბარი, რისთვისაც ალიანსის გენერალურ მდივანს მინდა მადლობა გადავუხადო. შევეხეთ რამდენიმე ეტაპს, ვისაუბრეთ განვლილ პერიოდსა და მომავალზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები. განვლილ ეტაპზე საუბრისას, პირადად მე აქცენტი გავაკეთე 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე და აღვნიშნე, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. განვაცხადე, რომ ძალიან თანმიმდევრულია ჩვენი ქმედებები არჩევნების შემდგომ პერიოდში დემოკრატიული ინსიტუტების მშენებელობის კუთხით, რაც ასე აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს NATO-ს წევრი. გენერალური მდივანი დავარწმუნე და აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი და ევროპული ტიპის იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახოს ახალი ხელისუფლების საბოლოო სახე. ეს, გარწმუნებთ, გაგვიიოლებს NATO-სკენ წინსვლას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებით, გენერალურ მდივანთან შეხვედრისას საუბარი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო.

"აღვნიშნეთ, რომ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით წარმატებული ნაბიჯები მისასალმებელია, შეშფოთება გამოვთქვით იმის გამო, რაც ხდება კონფლიქტისპირა სოფლებში - მიმდინარეობს მავთულხლართების გაბმა. დღემდე ვერ ამიხსნია და გენერალურ მდივანთანაც გამოვთქვი გაკვირვება, რომ პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად ასეთი ქმედებები გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ის თვითონ რუსეთისთვისაც არ არის დამეტებითი პლუსების მომტანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები